
სუს–ი: რუსეთის მხარდაჭერით ოკუპირებულ სოფელში ნასახლარებზე ნაგავსაყრელი შენდება
16/04/2020 11:03:36 კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასულ წელსაც გრძელდებოდა ქართული მოსახლეობის კვალის წაშლის პროცესი. ანგარიში პარლამენტს გუშინ, 15 აპრილს გადაეგზავნა.
"ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით გრძელდებოდა ნაგავსაყრელის მშენებლობა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე ანგარიშში საუბარია უკანონო ბორდერიზაციაზე, მოქალაქეთა უკანონო დაკავებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ეთნკური ნიშნით ჩაგვრაზე, ერგნეთისა და გალის სეხვედრების მნიშვნელობაზე, რომელიც ამ დროისთვის შეწყვეტილია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროვებაზე რეაგირების მიზნით. სამსახურის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით დანაშაულებრივ ქმედებებში სხვადასხვა დროს ჩართული ყველა პირი წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე“.