Accentnews.ge
"თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს"

"თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს"

16/04/2020 19:14:51 საშინაო პოლიტიკა

"თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს", – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მთავრობა კომპეტენტურ ადამიანებს უსმენს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილებას ეპიდვითარების შესაბამისად იღებს:

„ესენი არიან, პირველ რიგში, ბატონი ამირან გამყრელიძე და სხვები, ექიმები და კლინიკების დირექტორები. ჩვენ ვუსმენთ მათ, რადგან მათზე მეტი არ ვიცით და ვერ გვეცოდინება. ასევე, მთავრობის შიგნით ყოველ დილით ვისმენთ ჯანდაცვის მინისტრისა და მისი გუნდის რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. მესამე ფაქტორი, რასაც მთავრობა აკეთებს, არის ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოების ქცევას“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S