
"მხოლოდ სასულიერო პირებს მივცეთ ღვთისმსახურების საშუალება, რათა ისინიც დაცული იყვნენ და ჩვენც ერთმანეთს არ დავუშავოთ ის, რასაც მერე ვეღარ გამოვასწორებთ"
16/04/2020 19:31:45 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
"მხოლოდ სასულიერო პირებს მივცეთ ღვთისმსახურების საშუალება, რათა ისინიც დაცული იყვნენ და ჩვენც ერთმანეთს არ დავუშავოთ ის, რასაც მერე ვეღარ გამოვასწორებთ", – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
"ტაძარი ღია უნდა იყოს თუ არა, ამის გადაწყვეტილება ისტორიულად და სამართლებრივად ეკუთვნის ეკლესიას. სახელმწიფომ უარი თქვა, თვითონ მიეღო კანონი კონსტიტუციიდან გამომდინარე და ტაძრები დაეკეტა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორია. საქართველოში ტაძარი მაშინ იკეტებოდა, როდესაც მტერი შემოგვესეოდა, ან ეკლესიას და ტაძარს ებრძოდა მავანი ხელისუფლება, რომელიც პირველ ოქტომბერს ყველამ ერთად დავამარცხეთ და ამ წარსულში მე დღეს არ დავბრუნდები. ამის დრო არ არის. ღია ტაძარი არის იმის სიმბოლო, რაც ჩვენ ყველა ერთად ვართ; ღია მეჩეთი არის იმის სიმბოლო, რაც არის საქართველო, მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური, მაგრამ ეს სიმბოლო რომ ხელუხლებელი რჩება, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტაძარში, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და, ყველანი უნდა მივცვივდეთ. პირიქით, სახელმწიფოს პოზიციაა, ამ სიმბოლოს მოვუფრთხილდეთ და მხოლოდ სასულიერო პირებს მივცეთ ღვთისმსახურების საშუალება. იმისთვის, რომ ისინიც დაცული იყვნენ და ჩვენც ერთმანეთს არ დავუშავოთ ის, რასაც მერე ვეღარ გამოვასწორებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.