
გუგა ქაშიბაძე: „მტერი იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია!“
17/04/2020 11:56:15 ციტატა
„დროა, ყველამ შევიგნოთ, რომ ეს არის ომი! ეს არ არის მხოლოდ ექიმების, ჟურნალისტების, ან პოლიტიკოსების ომი, ეს ყველას ომია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი როლი შეასრულოს ამ ომში: ყოველი ზედმეტი კონტაქტი და ზედმეტად სახლიდან გასვლა შეიძლება, დასაბამს უწევდეს რაღაცა კლასტერის ჩამოყალიბებას. მტერი იმაზე ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია, ის ჩვენ გვერდითაა, მერე რა, რომ ვერ ვხედავთ!"
ამის შესახებ „რუსთავი 2“–ის ეთერში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.