
სოხუმი მოსკოვისგან ე.წ. სასაზღვრო ზოლის ფარგლების შეცვლასთან დაკავშირებით განმარტებებს ელის
18/04/2020 16:43:43 კონფლიქტები
სოხუმი რუსული მედიის ინფორმაციას ეხმიანება “სოფელ აიბღას მიდამოებში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო ზოლის ფარგლების შეცვლის” თაობაზე და აცხადებს, რომ “ცალმხრივ რეჟიმში საზღვრის დემარკაცია შეუძლებელია”.
როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აცხადებს, მისი უწყება საქმის კურსში არავის ჩაუყენებია, ისე განთავსდა ეს ინფორმაცია “როსრეესტრის” ვებ-გვერდზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “სასაზღვრო ზოლის არანაირი ცვლილება არ მომხდარა”: «რაც შეეხება აიბღის აფხაზურ მხარეს, არავითარი ცვლილება იქ არ არის. საზღვრისა და ყველა არსებული ზოლის შესახებ დღემდე მოქმედი ყველა შეთანხმება ძალაშია. ცალმხრივად რაიმე ცვლილების შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს და აი, რატომ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია – ამას ვარკვევთ».
ამჟამად აფხაზური მხარე შესაბამისი რუსული სამსახურებისგან განმარტებას ელის.
«საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არაფერი შეუთანხმებიათ, თუმცა ეს საკითხი უწყებათაშორის დონეზე ვერ გადაწყდება, იგი ქვეყნის ხელმძღვანელის – პრეზიდენტის კომპეტენციაშია. მეტსაც გეტყვით, აუცილებელია რატიფიკაცია პარლამენტში. ჩვენ შექმნილი გვქონდა ორმხრივი კომისია, რომელიც ამ საკითხით იყო დაკავებული, თუმცა სადღეისოდ მას მოქმედება შეჩერებული აქვს. არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და კომისიის მუშაობის განახლების გარეშე, განხილვის გარეშე, დემარკაცია მხოლოდ ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებით ვერ ხორციელდება», – განუცხადა აფხაზურ გამოცემა «Нужная Газета»-ს დაურ კოვემ.
ცნობისთვის: დღეს რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გამყოფი ხაზის ფარგლების შეცვლის შესახებ. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ 2020 წლის 17 იანვარს «კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის ფარგლების შესახებ” გამოცემული № 12 ბრძანების თანახმად, მდინარე ფსოუზე გამავალი დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიული ზოლის გასწვრივ მოქმედი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების მოქმედების ფარგლები შეიცვალა. კერძოდ, “მოსაზღვრე ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონა საკურორტო ქალაქ სოჭის ადლერის რაიონის ნიჟნეშილოვის სასოფლო ოლქის საზღვრების ფარგლებში განისაზღვრა და სათხილამურო კურორტ “კრასნაია პოლიანას” ობიექტების განვითარების გათვალისწინებით შემცირდა».