
პოლიციამ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
19/04/2020 19:43:17 სამართალი
პოლიციამ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო.შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა.
საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს" , - ნათქვამია შსს–ს ინფორმაციაში.