
„რამდენიმე გასროლა იყო“ – გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დეტალებს ყვებიან
20/04/2020 11:36:57 სამართალი
თბილისში გვიან ღამით მომხდარი ტრაგიკული ფაქტის დეტალებს, რასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოჯახის წევრები იხსენებენ.
"კომპიუტერთან იჯდა თვითონ [ბრმა ტყვიის მსხვერპლი], დედა ტელევიზორს უყურებდა ცოტა მოშორებით და მეუღლე და შვილი საძინებელ ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ ისინიც. რამდენიმე გასროლა იყო, მერე გაჩერდა, მერე ისევ გაგრძელდა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, დისტანცია 560 მეტრი იყო. ყველა იძახის რომ პოლიციელი იყო," - ამბობს გარდაცვლილის სიძე თემურ პირველაშვილი.
კადრები შემთხვევის ადგილიდან
პოლიციის თანამშრომელი, რომლის ბრმა ტყვიამაც 50 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია. მას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით“- აცადებენ პროკურატურაში.