
სოხუმს ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგი სურს
21/04/2020 08:27:04 კონფლიქტები
სოხუმს ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის პირობებში აუცილებელი დახმარების საკითხზე ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგი სურს და თბილისის შუამავლობას ეწინააღმდეგება. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის ინფორმაციას პრემიერ გახარიასა და ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლიაიენს შორის გამართული ვიდეკონფერენციის დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას ეხებოდა.
«აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, აფხაზეთის წარმომადგენლების გარეშე რესპუბლიკის ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა აფხაზეთის შიდა საქმეებში ღია და უხეშ ჩარევას წარმოადგენს. თუ ევროკაშირის წარმომადგენლები რეალურად არიან დაინტერესებულები რესპუბლიკის დახმარებაში, ეს შეიძლება, იქცეს აფხაზეთსა და ევროპის კავშირს შორის პირდაპირი განხილვის საგნად», - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც სოხუმი აცხადებს, «პანდემიაც კი, რომელიც სადღეისოდ მთელს მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცევა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში აფხაზეთის რესპუბლიკის დისკრედიტაციისთვის გამოიყენება».ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ თეზისს დე ფაქტო უწყებაში «აბსოლუტურად გამოგონილსა და მცდარს» უწოდებენ.
«სამწუხაროა, რომ საქართველოს მსგავსი პროვოკაციული პოლიტიკა აქტიურადაა წაქეზებული ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან», - ნათქვამია განცხადებაში.
• მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმსა და ცხინვალს მოუწოდა, ჰუმანიტარული დახმარების საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ.
• საქართველო იზრუნებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
• ცნობისთვის: ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული.