
სოხუმის წარმომადგენლებმა რუს სამხედროებთან და ელჩთან სამხედრო კოლონის ყირიმიდან გადასროლის საკითხი განიხილეს
21/04/2020 14:09:01 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩი ალექსეი დვინიანინი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას შეხვდა. შეხვედრას გუდაუთაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე რიგი სანიტარული ღონისძიებების განხორციელებაში რუსული მხარის დახმარების საკითხები განიხილეს.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება “პრინციპში, კონტროლს ექვემდებარება”.
«იმის გათვალისწინებით,რომ ზოგიერთი საწარმოს და სასურსათო ბაზრის მუშაობა განახლდა, რუსული მხარის დახმარება სადეზინფექციო სამუშაოებში ძალზე დროულია», - განაცხადა ვალერი ბგამბამ.
ალექსეი დვინიანინმა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სპეცავტოტექნიკის კოლონის აფხაზეთში ჩასვლის მიზნები და აფხაზურ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
«ჩვენ საკმაოდ სერიოზული კონსულტაციები გვქონდა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსთან, კერძოდ, მის ხელმძღვანელობასთან, განვიხილეთ ზოგიერთი ტექნიკური საკითხი. ყირიმიდან ჩამოსულმა კოლეგებმა ჩენი ინფორმირება მოახდინეს მათი ტექნიკური შესაძლებლობების თაობაზე, ამიტომაც ჩვენ მზად ვართ, გამოვეხმაუროთ აფხაზური მხარის მომართვას და უწყებათაშორის დონეზე დავაყენოთ ჩამოსული სპეცტექნიკის მონაწილეობით აუცილებელ ღონისძიებათა გეგმა», - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ორიოდ დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფებს კორონავირუსთან საბრძოლველად აფხაზეთში გადაისვრიან. თავად ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ეს მოულოდნელობად იქცა.