
კობახიძე – მარნეულის აქციაზე: „ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“
22/04/2020 11:35:20 საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები ერთობლივ აქციას აწყობენ, რაც დანაშაულია“.
„ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ამასობაში მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული და ძალიან მძიმე აქტი. ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
კობახიძის განცხადების საპასუხოდ, "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "პარტიის წარმომადგენლები მარნეულში იმყოფებიან და ცდილობენ დაამშვიდონ ეს ხალხი".
მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რასაც მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს. მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია.