
სააკაშვილი ადასტურებს, რომ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერობა შესთავაზა
22/04/2020 11:29:44 პოლიტიკა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.
«ჩემთვის დიდი პატივი იყო, მიმეღო პრეზიდენტ ზელენსკისგან წინადადება, გავხდე უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხებში. უკვე მქონდა საკმაოდ საგნობრივი და სასარგებლო საუბარი პრემიერ შმიგალთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
მხარს ვუჭერდი პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების დროსაც, მთელი ის პერიოდიც, რაც მას ეს თანამდებობა უკავია და მის გუნდზე უკრაინისთვის დიდ იმედებს ვამყარებ. ამ წინადადებასა და ჩემს გადაწყვეტილებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ეს ქვეყნისთვის საკმაოდ რთული დროა. წინ გვაქვს ძალზე მძიმე პერიოდი ეკონომიკაშიც და მთლიანობაში ქვეყნის ცხოვრებაშიც. ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს სიმამაცე გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში.
უმაღლეს რადას წარვუდგენ გადაუდებელი ცვლილებებისა და შმიგალის მთავრობაში ჩემი მონაწილეობის კონკრეტულ პროგრამას, რომელიც ჩამომიყალიბდა როგორც უკრაინის ფარგლებს გარეთ ყოფნისას, ასევე უკრაინაში მუშაობისას როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით.
პრეზიდენტის გუნდთან ერთად მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან საზოგადოებაში, რათა უკრაინა უმცირესი დანაკარგებით გამოვიდეს მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და დაძლიოს ყველა გამოწვევა. იმედი მაქვს, გავხდე გუნდის სანდო წევრი და გამოვადგე უკრაინელ ხალხს, გავაკეთო ადამიანებისთვის რაიმე სასარგებლო.
ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას, რათა სამთავრობო გუნდის სასარგებლო წევრად ვიქცე, მათ შორის – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით, გავაძლიერო უკრაინის პრესტიჟი და მისი ინტეგრაცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა უპირველესად, უკრაინელი ხალხის ინტერესები დავიცვა და ქვეყანაში პროგრესს შევუწყო ხელი», - წერს სააკაშვილი.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილის კანდიდატურას ხვალ ფრაქციის “ხალხის მსახური” სხდომაზე წარადგენენ.
სააკაშვილის პრეს-მდივანმა დარინა ჩიჟმა ჯერ არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ სააკაშვილი «პარასკევს სხდომაზე მივა, რადგან დასაწყისისთვის სურს, დეპუტატებს ეკონტაქტოს და თავისი ხედვები გააცნოს».
ცნობისთვის: 2017 წლის ივლისში უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, იმავე წლის სექტემბერში სააკაშვილმა უკრაინაში პოლონეთიდან სასაზღვრო კონტროლის გარეშე შეაღწია. იგი დამნაშავედ სცნეს საზღვრის უკანონო კვეთაში, 2018-ის თებერვალში კიევში დააკავეს და პოლონეთში დააბრუნეს. 2019-ის მაისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა. იმავე წლის შემოდგომაზე კი უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ სააკაშცილი პოლონეთში კანონიერად დააბრუნეს.