
მეზვრიშვილი – შერჩევით მიდგომაზე: "ასეთი ერთული შემთხვევები იქნება"
22/04/2020 11:44:28 საშინაო პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კარგად ესმის, რომ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები საზოგადოებაში ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას გადაადგილების უფლება მიეცა, რომ რიგ შპს-ს მუშაობის უფლება არ მიეცა და. ა.შ.
როგორც მეზვრიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, "ასეთი ერთული შემთხვევები იქნება".
“ხომ კარგად აცნობიერებთ, რომ ასეთი ერთული შემთხვევები იქნება. იმასაც ხომ კარგად აცნობიერებთ, რომ ეს ეპიდემია ჩვენთვის მოულოდნელი იყო. გარკვეული ხარვეზი იქნება და ამ ერთი და ორი ხარვეზის გამო თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით, რომ მასობრივად მიდგომა შერჩევითია, კანონი არ სრულდება და ამიტომ მოდით, თქვენც არ დაემორჩილოთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენებით ოპოზიცია მოქალაქეებს ირიბად მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობას არ დაემორჩილონ.
ცნობისთვის: რიგმა კანონმდებლებმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა შერჩევითია და რიგი მოქალაქეები პრივილეგიებით უკანონოდ სარგებლობენ. ამასთან, დეპუატატი გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ არის დაკეტილი "სუფთა სახლის" ქსელი მაშინ, როდესაც მსგავსი პროფილის სხვა მაღაზიათა ქსელი შეუფერხებლად მუშაობს.