
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი
10/06/2019 11:07:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ლონდა თოლორაიას დაუჭირეს. საჭირო ხმები ვერ დააგროვა მისმა კონკურენტმა, ყოფილმა სამართალდამცავმა ვალერი ლომუაშვილმა.
სხდომაზე ორი კანდიდატურა - ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი იყვნენ წარდგენილნი. დეპუტატებმა კანდიდატურებს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. ვალერი ლომუაშვილმა კი საჭირო ხმები ვერ მიიღო.
კანდიდატებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის საკუთარი ხედვები წარადგინეს. სახელწიფო ინსპექტორს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა პირველ ივლისს ეწურება. პირველ ივლისსვე ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.