Accentnews.ge
შსს: "გირჩის" აქციაზე 15 პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, სამი კი დააკავეს

შსს: "გირჩის" აქციაზე 15 პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, სამი კი დააკავეს

23/04/2020 12:53:30 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი დააკავეს. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობის და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩის“ მიერ დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გაიმართა საპროტესტო აქცია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.

საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

„ეს [დაჯარიმება] გათვალისწინებული გვქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აქცია მნიშვნელოვანია, რათა ხალხმა გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მონურ პირობებს არ ეგუებიან; რომლებსაც ესმით, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ წესებს არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან, ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური პიარია – ისინი უსინდისოდ იწერენ ქულებს შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. შედეგი კი ისაა, რომ უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მათ ყოველდღიური შიმშილის პრობლემა აქვთ“,– განაცხადა ჯაფარიძემ აქციის მიმდინარეობისას, როდესაც პოლიციელებმა უთხრეს, რომ მისთვის ჯარიმა უნდა გამოეწერათ.

მანამდე მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.ეს მოთხოვნებია:

1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება;

2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა;

3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა;

4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა;

5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა

6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა;

7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა;

8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა;

9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა

10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;

11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო;

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S