
კორნელი კაკაჩია: „თუ საზოგადოებამ განგაშის ზარს ახლავე არ შემოჰკრა, შემდეგ უკვე დაგვიანდება“
10/06/2019 13:29:08 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, ინტერვიუ
რა აჩვენა 2019 წლის არჩევნებმა, არის თუ არა მზად საზოგადოება პოლიტიკური ცვლილებებისთვის, რა შანსები რჩებათ პოლიტიკურ ჯგუფებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე "აქცენტი" პროფესორ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
ბატონო კორნელი, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად?
ასე თქმაც არ შეიძლება, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მანამდე საკმაოდ დიდი პერიოდია. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არჩევნები ასე ვთქვათ, იზოლირებული იყო: ყველამ იცოდა, მათ შორის ამომრჩეველმაც, რომ არჩევნების შედეგი ქვეყანაში დღის წესრიგს არსებითად ვერ შეცვლიდა. ვფიქრობ, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაბალი აქტივობა მთაწმინდაზე. 2020 წლის არჩევნები კი ბევრ რამეს ცვლის და თუ აღმოჩნდება, რომ ამომრჩევლები მზად არიან ცვლილებებისთვის, არჩევნებზეც მივა. თუმცა ეს არ არის მთავარი ფაქტორი: მნიშვნელოვანია, თავად პოლიტიკური მოთამაშეები, პარტიები რას შესთავაზებენ ამომრჩეველს. თუ სადღეისოდ არსებული მოცემულობა შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი მარცხი არ განიცადოს. მმართველი პარტია მნიშვნელოვან ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსს ფლობს, რომელსაც არჩევნების პერიოდში წარმატებით იყენებს. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, დარღვევები არა უშუალოდ საარჩევნო უბნებზე, არამედ მანამდე ფიქსირდება და კარგად აწყობილი სქემით აკეთებენ იმას, რაც ეუთო–ს შეფასებით, ძალიან ახლოსაა გაყალბებასთან. თუ 2020 წლის არჩევნებამდე არაფერი შეიცვალა, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება. ამ ვითარებას ის ემატება, რომ ოპოზიციას არ აქვს გამაერთიანებელი იდეა, არ იცვლება ოპოზიციის სტრუქტურა. ვფიქრობ, სადღეისოდ არსებული კონფიგურაციით შეუძლებელია, მათ „ქართული ოცნების“ დამარცხება შეძლონ. იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსები, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე ძლიერად გამოიყურება, ძალიან მწირია. საჭიროა, ოპოზიციური ერთობა, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები (მათ საკმარისი ნდობა არ აქვთ), არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. ამ შემთხვევაში ოპოზიციას რაღაც შანსი ექნება, მაგრამ აქ ერთ–ერთი სერიოზული ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია [საქართველოს მესამე პრეზიდენტი], რომელიც ჯერ–ჯერობით ხელს უშლის ოპოზიციას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“ დომინანტობის შენარჩუნებაში იმის გათვალისწინებით, რომ ძალაუფლების ყველა ბერკეტს თავად ფლობს.
თქვენ სააკაშვილის ფაქტორი ახსენეთ. მას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. ფიქრობთ, რომ მას მეტი ზიანი მოაქვს ოპოზიციისთვის, ვიდრე მისი პოლიტიკური პროცესებიდან გარიდების შემთხვევაში მიადგებოდა?
თავად პარტიისთვის შესაძლოა, ეს ზიანის მომტანი იყოს და დარწმუნებული ვარ, ამაზე თავადაც მსჯელობენ. სააკაშვილს ჰყავს თავისი მხარდამჭერები როგორც პარტიაში, ისე პარტიის გარეთაც და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ ენმ–ს არჩევნებში 10–15% მოუპოვოს, მაგრამ არა საკმარისი გადამწყვეტ ბრძოლაში „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის: რევანშის შიში ისევ მუშაობს. ამის საფუძველს თავად სააკაშვილიც იძლევა: ხან ამბობს, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, შემდეგ ამბობს, რომ მოვა და რაღაცას გააკეთებს, ხანაც მუქარანარევი განცხადებები აქვს, ხანაც საქართველოში დავბრუნდებიო და შემდეგ ვხედავთ, რომ უკრაინაშია და ა.შ. – ერთიანი მესიჯის არარსებობა, გაორება პროცესს ხელს არ უწყობს.
2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებს ოპოზიცია აგებს. სავარაუდოდ, მათ შესაბამისი ანალიზიც უნდა გაეკეთებინათ, თუ რაშია პრობლემა. როგორ ფიქრობთ, არსებობის უფლება აქვს მოსაზრებას, რომ ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ენმ, რომელიც როგორც თქვით, ყველაზე ძლიერად გამოიყურება, არა ლიდერობისთვის, არამედ მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და უბრალოდ ერთმანეთს უნარჩუნებენ აქტუალობას ის და „ქართული ოცნება“?
სწორედ ასეა. რეალურად ჩვენ გვაქვს ორი აქტორი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე] სახით, რომლებიც მართავენ ქართულ პოლიტიკას თავიანთი პიროვნული და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. სანამ ეს ორი ადამიანი არ ჩამოშორდება პოლიტიკას, მუდმივად ამ ორ ძალას შორის იქნება ჭიდილი. მათ ძალიან დიდი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი აქვთ და სხვა აქტორებს შანსები არ რჩებათ, გამოჩნდნენ. დავიჯერო, ამათზე ნიჭიერი ხალხი არაა საქართველოში? რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ მთელი საინფორმაციო რესურსი მათ ხელშია, ასეთი მედია კი არაა დაინტერესებული, ახალ–ახალი ტიპის პოლიტიკოსები გააშუქონ, თუ მათ პარტიულ ნარატივს არ გაიზიარებენ. გადახედეთ იგივე „რუსთავი 2“–ს და „იმედს“, თუნდაც ექსპერტების დონეზე წარმოდგენილი ჰყავთ ისინი, ვინც მათ ნარატივს უჭერენ მხარს, ნეიტრალურ ადამიანს ვერ ნახავთ. დამაბალანსებელი მედიასაშუალება, თუ არ ჩავთვლით ტელეკომპანია „პირველს“, რომელიც ახლა იკიდებს ფეხს, არ არის, ჩვენ კი ვიცით, რომ მოსახლეობის თითქმის 90% ინფორმაციას იღებენ ტელევიზიიდან. საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო, ნიჭიერი ადამიანია, მათ შორის ახალგაზრდები, რომლებიც უნდა შემოიყვანონ პოლიტიკაში, მაგრამ ისინი ამ ნარატივით არ შემოვლენ – ორი ძალაა და შენ ერთ–ერთში უნდა შეხვიდე. მათთვის ორვე მიუღებელია. აქაა რაღაც შესაცვლელი. ახალი ფინანსური წყარო უნდა გამოჩნდეს. ამ კუთხით მამუკა ხაზარაძის [TBC ბანკის დამფუძნებელი] ფაქტორი იქნებოდა საინტერესო, ვთქვათ მესამე ძალის უკან რომ დამდგარიყო, თუმცა ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ ამ კუთხით არაფერი ხდება. ამ ეტაპზე კი ვხედავთ, რომ შესაძლებლობებში უთანასწორობაა, ორი ძალა [ენმ და „ქართული ოცნება“] ტოქსიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს აცოცხლებენ.
მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, არც ერთი აქტორი არ აპირებს პოლიტიკური პროცესებიდან გარიდებას. ეს მესამე, ძლიერი ძალაც არ ჩანს. მთაწმინდის არჩევნების შემთხვევაში კი იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც, თუმცა შედეგები ვერ აჩვენეს...
შედეგები ვერ აჩვენეს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრე...
კითხვას გავაგრძელებ, აქ გამოსავალს რაში ხედავთ?
საზოგადოებამ ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და უარი უთხრას ვენდეტის პოლიტიკას – სააკაშვილი ვერ იტანს ივანიშვილს, ივანიშვილი – სააკაშვილს და ამას უყურებს მთელი ქართული საზოგადოება. ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ ქარიზმატულ ლიდერებზე და უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუტები – პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო ინსტიტუტები, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროგრამებს, რათა ქვეყანა გაძლიერდეს და არა კონკრეტული პირები, რასაც ჯერ ვერ ვახერხებთ. სწორედ ამისთვისაა საჭირო, გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღებ იდეებს გააჟღერებენ. დღეს უამრავი პრობლემა გვაქვს, რომლებსაც არავინ აჟღერებს. ასევე უამრავი ინტერესებია და თუ ამაზე არ შევჯერდით, არაფერი გამოვა და ამან შესაძლოა, მართლაც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ 2020 წლის არჩევნებზე არაფერი შეიცვალა, მაღალია შანსი, „ქართულმა ოცნებამ“ 4–წლიანი ვადა ვერ ჩაამთავროს და დავუბრუნდეთ ჩვენს ძველ გზას, რომელიც ხელისუფლების ძალის გამოყენებით დამხობას გულისხმობს, მათ შორის საპროტესტო მუხტით. შევარდნაძის დროსაც ასე იყო: გაიმარჯვა, თუმცა ვადა ვერ დაამთავრა, ეს კი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. თუ საზოგადოებამ ახლავე არ შემოჰკრა განგაშის ზარს, მერე უკვე დაგვიანებული იქნება. სწორედ ამიტომაც იყო ზუგდიდისა და მთაწმინდის არჩევნების შედეგები საგანგაშო. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა, მით უმეტეს, რომ მმართველი გუნდი აშკარად იბრძვის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, მას მეტი, ახალი იდეა არ აქვს. სამწუხაროდ, მას ამაში ოპოზიციაც უწყობს ხელს. სწორედ ამ კუთხით არის სამუშაო საზოგადოებასთან და ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი. თუ მედია თვლის, რომ დემოკრატიის განვითარების აქტორები არიან, ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყონ, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. თუ მხოლოდ ერთმანეთს ვუყურეთ, არაფერი გამოვა.
თქვენი აზრით, 2020 წლის არჩევნების არა მაქსიმალური, არამედ მინიმალური შედეგი როგორი უნდა იყოს, რომელიც ნაკლებად სახიფათო და სასურველი იქნებოდა ქართული დემოკრატიისთვის?
კოალიციური მთავრობა, ეს იქნებოდა გარდამავალი ეტაპი. ამ კოალიციური მთავრობის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა, ვადა ბოლომდე ვერ ჩაამთავროს, გამოჩნდებოდა ახალი დინამიკა და ამის კვალდაკვალ გამოჩნდებოდა ახალი პოლიტიკური ძალაც...
ამის რესურსი რჩება 2020 წლამდე?
ყოველთვის ასე ამბობდნენ. არავინ ფიქრობდა, ჯერ გამსახურდიას, შემდეგ შევარდნაძის, სააკაშვილის შემცვლელი თუ გამოჩნდებოდა, ახლა ივანიშვილია... ვაკუუმი ყოველთვის ივსება. საქართველო მდიდარია პროფესიონალებით, უბრალოდ ისინი იქ არ არიან, სადაც უნდა იყვნენ. ეს დროის საკითხია და ვფიქრობ, ამ მხრივ პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021