როგორ უნდა დაამტკიცოთ, რომ შემოსავალი ნამდვილად დაკარგეთ
25/04/2020 08:56:16 საზოგადოება
საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას მაისიდან ჩაურიცხავს.
პროცესი დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. უმუშევრობის პერიოდის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან მოხდება.
დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო 6 თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200-ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ. ხოლო თვითდასაქმებულები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.
როგორ უნდა დაამტკიცოს დასაქმებულმა პირმა, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, რომ შემოსავალი ნამდვილად დაკარგა
"დასაქმებულების შემთხვევაში არანაირი საბუთების წარდგენა არ არის საჭირო, ვინაიდან შემოსავლების სამსახური ყოველთვიურად იღებს ინფორმაციას დამსაქმებლებისგან. მაგალითად, რამდენი თანამშრომელია დასაქმებული, ვინ არის გათავისუფლებული და ვინ არის გაშვებული უხელფასო შვებულებაში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასაქმების სააგენტო მოახდენს რეაგირებას და შესაბამის დახმარებას გაუწევს თითოეულ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს“, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.
როგორ უნდა დაამტკიცოს თვითდასაქმებულმა, რომ შემოსავალი ნამდვილად დაკარგა
„რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, რომელიც რთული თუმცა მასშტაბური პირთა წრეა. შეიქმნება ონლაინ პორტალი, სადაც შესაძლებელი იქნება დარეგისტრირება პერსონალური მონაცემების მითითებით და იმ შემთხვევაში თუკი ნებისმიერი ტიპის დამადასტურებელი საბუთი იქნება წარდგენილი, რომელიც მათ არსებულ შემოსავალს დაადასტურებს კორონავირუსამდე. თუკი ამ დოკუმენტებს ატვირთავენ ან წარადგენენ სოციალური სოციალური სააგენტოსა და დასაქმების სააგენტოს ოფისებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ წარმოდგენილი განაცხადი განვიხილოთ“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.


