
თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა
26/04/2020 11:25:09 რეგიონები
თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა. ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. რაიონულ ცენტრში ოთხი პუნქტი განთავსდება.
თეთრიწყაროს საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა, რადგან ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 19 ახალი ინფიცირებული, რომელთა შორის მედიკოსებიც არიან.
ექთნის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 203 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 940 000–ს გადააჭარბა, 841 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.