
"ვაპირებთ აქციების დაწყებას"
26/04/2020 12:00:36 საშინაო პოლიტიკა
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიაზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების გამართვას აანონსებენ.
"ჩვენ მოვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ გააჩნია. ასევე მოვითხოვთ შეზღუდვებს, რომელიც ვრცელდება ოჯახის წევრების განლაგებაზე მანქანაში, ყველა ვხედავთ, როგორ არღვევენ ამ წესებს მასობრივად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. უნდა აღდგეს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ აქციების დაწყებას, თუ როგორ და რა ფორმით, ამას იხილავთ ერთ კვირაში", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.