
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 15 მაისამდე გაახანგრძლივეს
27/04/2020 12:11:35 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო შემოღებული შემზღუდავი ზომები 15 მაისამდე გაახანგრძლივეს. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის დე ფაქტო მინისტრმა თამაზ წახნაკიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა არ არსებობს 100-პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ “ხვალ დიდი რაოდენობით ინფიცირებულები არ გამოვლინდნენ”.
დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან აფხაზეთში მოქალაქეები პრაქტიკულად ყოველდღიურად ბრუნდებიან, თავად რუსეთში კი ამ დრომდე დაავადებულთა ყოველდღიური რაოდენობის ზრდა გრძელდება.
«როსპოტრებნადზორის” გათვლით, ეს ტენდენცია სულ მცირე, 15 მაისამდე შენარჩუნდება. ძალზე ძნელია ცალსახად იმის თქმა, როგორ წავა ეპიდპროცესი მაისის განმავლობაში, ამდენად, ვთვლით, რომ 15 მაისამდე აუცილებელია ყველა შემზღუდავი ზომის დაცვა, თვითიზოლაციისა და მასობრივი ღონისძიებების გამორიცხვის ჩათვლით», – აღნიშნა მან.
ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ სამი შემთხვევაა დადასტურებული. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა, ხოლო მესამე - 1925 წელს დაბადებული ქალბატონი, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გუდაუთის კლინიკაში გარდაიცვალა. 20 აპრილიდან აფხაზეთში რიგი შემზღუდავი ზომები შეცვალეს, დაშვებულ იქნა სასურსათო მაღაზიებისა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრების მუშაობა.