კოვიდპაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან
28/04/2020 19:38:30 საზოგადოება
პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც.
"ველოდებით პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.


