
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა
29/04/2020 15:28:27 სამართალი
გორის რაიონულმა სასამართლომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდება განსასჯელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან ხედავდა კობაიძის მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეს. დაცვის მხარე კი განსასჯელის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა განსასჯელს 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის: გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დავით (კობა) კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.