
ცინარიძემ მოსამართლეს 27 აპრილის ინციდენტის საკუთარი ვერსია უამბო
30/04/2020 13:08:55 სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.
ცინარიძეს ბრალად ოჯახური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობით მუქარა ედება.
"ტვ პირველის" თანახმად, მომხდარის შესახებ მოსამართლეს ცინარიძემ საკუთარი ვერსიის შესახებ უამბო. კერძოდ, ცინარიძის თანახმად, მას მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, მეუღლემ სცადა პოლიციაში დარეკვა და შეხლა–შემოხლის დროს „შემთხვევით მოხდა“ იარაღიდან გასროლა.
გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.
ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ცინარიძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2015 წელს გავრცელებული ვიდეოკადრებით გახდა. ვიდეოში ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის დავით ცინარიძის და მისი მოადგილის გიორგი (გოგა) ჭანტურიას სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა. დავით ცინარიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა შსს-ს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა განაგრძო.
თავად ყუშიტაშვილმა თავდაპირველად მაღალჩინოსნებთან ნაცნობობა უარყო, თუმცა შემდეგ ერთ–ერთ ინტერვიუში დაადასტურა.