ნატო–ს 4 ნაბიჯი შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში საქართველოს აქტიურად ჩასართავად

30-04-2020 18:53:53 თავდაცვა

ნატო ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს, - ამის შესახებ "იმედის" ცნობით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს:

  • საქართველო არის ნატო–ს არაწევრ იმ ქვეყნების ჯგუფში, რომელთანაც ალიანსს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს;
  • შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია გაუარესდა.

როგორც აპატურაი აღნიშნავს, ვითარების გაუარესების მიზეზი რუსეთის აგრესიული ქმედებებია საქართველოში, უკრაინასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც გავლენას ახდენს როგორც საქართველოსა და უკრაინაზე, ისე ნატო–ს წევრ სახელმწიფოებზე, ამიტომ ნატო–ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს, განსაკუთრებით, შავი ზღვის კონტექსტში და გეგმავს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

  • ჰიბრიდული თავდაცვა;
  • საჰაერო სივრცის გაუმჯობესებული სურათი;
  • ნატო–ს 4 ნაბიჯი შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში საქართველოს აქტიურად ჩასართავად;
  • საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას სამხედრო სწავლებებში, მათ შორის – რეგიონში.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ჩავრთავთ საქართველოს უფრო მეტ აქტივობაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „ჰიბრიდულ თავდაცვას“. ვსაუბრობ იმ ხერხებისა და საშუალებებისგან თავდაცვაზე, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს. მაგალითად, კიბერთავდასხმა ან დეზინფორმაცია, ენერგეტიკული ბლოკადა, შენიღბული სადაზვერვო ან სამხედრო აქტივობა. ყველა ამ ხერხს ერთი პაკეტის ნაწილად განვიხილავთ და უკრაინასთან და საქართველოსთან ამ საკითხებზე ვმუშაობთ. განვამტკიცებთ თანამშრომლობას, რომ დავიცვათ თავი ასეთი საფრთხეებისგან“.

მისივე თქმით, საქართველოს ჰქონდეს სამეზობლო საჰაერო სივრცის უკეთესი, გაუმჯობესებული სურათი:

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელშიც საქართველოს ჩართვა გვსურს. ეს არის „საჰარეო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა“, რომლის საშუალებითაც საქართველო უკეთესად აღიქვამს, რა ხდება მის საჰაერო სივრცეში.

ახალი პაკეტის კიდევ ერთი კომპონენტი არის, ქართველებისა და უკრაინელების უფრო მეტი ჩართულობა ერთობლივ სწავლებებში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენელობის სკოლა“ და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ ძალიან კარგად მუშაობს.

ვიმედოვნებთ, რომ იქ მეტ უკრაინელს ვიხილავთ. და ბოლოს, ჩვენი მოკავშირეები, ნატო–ს წევრები განიხილავენ საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას სამხედრო სწავლებებში, მათ შორის – რეგიონში. ამდენად, გვაქვს გაწერილი ოთხი მკაფიო ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო მეტად ჩაერთოს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები