რა საქმიანობას ეწეოდა “News-front Georgia”, რომლის გვერდი "ფეისბუქმა" დახურა

01-05-2020 10:44:10 ადამიანი და კანონი ,ინტერვიუ

გუშინ "ფეისბუქმა" 8 ქვეყანაში ერთდროულად დახურა კრემლის პროპაგანდისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ვებ-გვერდის „News-front info”-ს ფეისბუქგვერდები. ამის შესახებ „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ ხელმძღვანელმა გიორგი მოლოდინმა "აქცენტს" განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პლატფორმა საქართველოშიც ოპერირებდა. თუმცა სადღეისოდ "News-front Georgia"-ს ფეისბუქგვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. როგორც მოლოდინი აცხადებს, ამ უკანასკნელის შესახებ „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი" ხშირად წერდა.

– რა ვიცით “News-front Georgia”-ს შესახებ, რომლის ფეისბუქგვერდიც ფეისბუქმა დაბლოკა?

– ეს მედია-პლატფორმა დაახლოებით, 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის პერიოდთან და თავად ამბავთანაც, განსაკუთრებით ყირიმთან. უკვე დღეს, ანუ დაფუძნებიდან 6 წლის თავზე კრემლის ეს პროპაგანდისტული საიტი 8 ენაზე მაუწყებლობს და ფლობს youtube-ს არხს, რომელსაც დაახლოებით 500 000 გამომწერი ჰყავს.

– მხოლოდ საქართველოში გააუქმეს „News-front info”-ს ფეისბუქგვერდი?

– აღნიშნული პლატფორმის ფეისბუქის-გვერდები ყველა ქვეყანაში დახურულია. დარჩენილია მხოლოდ ფრანგულენოვანი გვერდი, რომელსაც 400-მდე მომწონებელი ჰყავს და არააქტიურია. როგორც ჩანს, ეს გვერდი არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს. თუმცა ამ პლატფორმას რჩება დიდი ინფრასტრუქტურა ზოგადად, სოციალური ქსელ "ტვიტერზე", "youtube"-ზე, "vk.ru"-ზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს არის სერიოზული დარტყმა კრემლის პროპაგანდისტულ მანქანაზე.

– რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენდა აღნიშნული პლატფორმა ქართულ საზოგადოებაზე?

– 2019 წელს ისინი გააქტიურდნენ და ეს გააქტიურება თვალშისაცემი იყო. „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ გასული წლიდან ვაკვირდებოდით აღნიშნულ პლატფორმას, რომელიც შეთამაშებული იყო და თითქოს კოორდინირებულად მუშაობდა ვებ-გვერდთან -„საქართველო და მსოფლიო“. მოგეხსენებათ, რომ ეს უკანასკნელი კრემლის ვეტერან დეზინფორმატორთა და პროპაგანდისტთა გაერთიანებად უკვე დიდი ხანია, ჩამოყალიბდა. ორივე საიტი არის კრემლის ძირითადი ნარატივის გამავრცელებელი საქართველოში. რა თქმა უნდა, როგორც ბევრი საიტი საქართველოში მკითხველების დიდ ნაწილს სოციალური ქსელების მეშვეობით იზიდავს. ის მათი პოპულარიზაციის ერთ-ერთ აქტიური საშუალება იყო. ამიტომ, ეს სერიოზული დარტყმა იქნება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, აქ მნიშვნელოვანი არის თავად ფეისბუქის განაცხადი, ფაქტი. ერთი მკითხველიც რომ არ დააკლდეს ამ საიტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეისბუქ-გვერდების დახურვის ფაქტი არის მრავლის მეტყველი და საყურადღებო, მათ შორის ჩვენი ხელისუფლებისთვისაც.

– კიდევ რჩება თუ არა ასეთი გვერდები და ჯგუფი ქართულ სოციალურ ქსელში?

– პირველ რიგში, მოსალოდნელია რომ გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც სოციალურ-ქსელში რჩება შეცვლის მოქმედების, მაუწყებლობის წესს. გარკვეული ჯგუფები გაართულებენ ადამიანების გაწევრიანების პოლიტიკას, დაამატებენ გარკვეულ ფილტრებს, თუმცა ბევრმა მათგანმა უკვე დააგვიანა, ბევრი მათგანი კი უბრალოდ ტყუილად დახარჯავენ რესურს; ყველაზე ძლიერი, დემოკრატიული და სახალხო ინსტიტუტის მართვის პულტი საბედნიეროდ კრემლში არ არის. რაც შეეხება დამოუკიდებელ „რუსულ ინტერნეტს“, ის ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შეიქმნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები