
ხუთი ადამიანის სასტიკი მკვლელობის საქმე: დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
01/05/2020 10:26:08 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს - 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.
გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
ცნობისთვის: სამართალდამცველებმა 1963 წელს დაბადებული ნოდარ გამყრელიძე 25 აპრილს დააკავა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ყანდაურაში გასული წლის სამ მაისს მოხდა. მაშინ შსს–მ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემდეგ მას ბრალი მკვლელობაში დახმარების მუხლით გადაუკვალიფიცირდა და საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მაშინ ადვოკატი ბრალის დადგენილებაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილს – ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის დედასთან ელიზა გამყრელიძესთან, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა მისი განზრახ მკვლელობა. ომარ გამყრელიძემ ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობაში დახმარების მიზნით, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა "GECO mod.23" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ომარ გამყრელიძე უმცროსი თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. ანუ, ადვოკატის თანახმად, გამოძიება გამყრელიძეებს ერთი ოირის მკვლელობას ედავებოდა, ხოლო დანარჩენი ოთხი პირის მკვლელობის ნაწილში გამოძიება ჩიხში შევიდა. ახალი ინფორმაციით კი ირკვევა, რომ დაკავებულს ბრალი ხუთი პირის მკვლელობაში წარედგინა.