
ციხელაშვილის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 150–მდე ადამიანია გადმოყვანილი
01/05/2020 12:48:56 კონფლიქტები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი.
მისი ცნობით, მათგან ნაწილი კარანტინში იმყოფება, ნაწილი – მკურნალობას გადის.
„ძალიან გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად ემსგავსება აბსურდის თეატრს. უკვე არის გაფართოებული სამხედრო ბაზა. რთულია მდგომარეობა. ცხინვალს უწოდებენ მეორე სახელად სტალინირს, ე.წ. ლენინგორი უკვე გვაქვს ახალგორის სახელად, სადაც დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდები იძულებული არიან, ატარონ პიონერთა ყელსახვევები და საბჭოთა დროის სიმღერები იმღერონ. ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის – საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ჰუმანიტარული სხვადასხვა სახის დახმარებით და პაკეტებით“, – აცხადებს ციხელაშვილი.
მან დეზინფორმაციულ კამპანიაზეც გაამახვილა ყურადღება:
„თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეიტანოს „კოვიდ-19“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ამაზე კომენტარს უბრალოდ ვერ და არ გავაკეთებ იმ კატეგორიას განეკუთვნება ეს დეზინფორმაცია, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და აქტიურ რეჟიმში ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს.
დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მაგალითად კარანტინში 150-მდე პირი იმყოფება. იცით, რომ სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის ასევე მოსახლეობა იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას და ეს აუცილებლად გაგრძელდება“.