
პუტინი – დაღმა, მერკელი – აღმა: რას ცვლის პანდემია რუსეთისა და ევროპისთვის პოლიტიკურ ჭრილში
01/05/2020 18:23:54 ანალიზი
რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (48%) და მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლების თითქმის 2/3 (61%) უკმაყოფილოა ზომებით, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება კორონავირუსთან საბრძოლველად ატარებს. ამავდროულად, პრეზიდენტ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი ქვეყანაში რეკორდულად – 28,3%-იან ნიშნულამდე დაეცა. ამის სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ ევროპაში, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების უმეტესობის მიმართ ნდობის მაჩვენებლები მკვეთრ აღმასვლას განიცდის. მაშ როგორია ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის პირველი პოლიტიკური შედეგები რუსეთსა და ევროკავშირში და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
"პუტინს გართულებები აქვს მთელს პერიმეტრზე"
თუ საზოგადოებრივი აზრის მდგომარეობით ვიმსჯელებთ, რუსეთში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ტემპის ზრდის პარალელურად მოსახლეობას ხელისუფლებისადმი სულ უფრო მეტი კითხვა უგროვდება, პასუხები კი სულ უფრო ხშირად ბუნდოვანია და დაგვიანებული. პუტინის გადაწყვეტილებით, იძულებითი "არდადეგები" 11 მაისამდე გახანგრძლივდა, მაგრამ მოიტანს კი ეს წარმატებას პანდემიასთან ბრძოლაში? დიდია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საკარანტინე ღონისძიებები ეკონომიკას “მოკლავს”. სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებთან შედარებით, რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება საკარანტინე ზომებთან დაკავშირებით გაცილებით მაღალია:
ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის ნდობა პრეზიდენტიდან და მთავრობიდან რეგიონულ ადმინისტრაციებზე ინაცვლებს, რაც დიდწილად გამოწვეულია თავად პუტინის მოულოდნელი გადაწყვეტილებით, COVID-19-თან ბრძოლის ძირითადი ტვირთი რეგიონებისთვის გადაელოცა. როგორც “ლევადა-ცენტრის” დირექტორი ლევ გუდკოვი აღნიშნავს, "პრეზიდენტი არწმუნებს მოსახლეობას, შინ დარჩეს, პირდაპირ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და არსობრივს არაფერს ამბობს, აკისრებს რა ყველაფერს გუბერნატორებსა და მათ ადმინისტრაციებს, გუბერნატორები კი უფრო კონკრეტულები არიან და მოსახლეობა მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ხედავს".
რუსეთში კორონავირუსული კრიზისის თავისებურებად იქცა ის, რომ იგი კრემლის მიერ ინიცირებული პოლიტიკური ცვლილებების დროს დაიწყო. საუბარია უპირველესად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც მოწოდებულია, პუტინს მისცეს შესაძლებლობა, ქვეყნის სათავეში 2024 წლის შემდეგაც დარჩეს. ხელისუფლების მიერ ჩაფიქრებული “საერთო ეროვნული კენჭისყრა" პანდემიის გამო გადაიდო. გადადებულია წლის მთავარი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მოვლენა – დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის პომპეზურად აღნიშნვაც. ეს ყველაფერი სტაბილურობასა და საკუთარი თავის რწმენას არ ჰმატებს რუსულ საზოგადოებას. თუმცა არც ეს ფაქტორი, არც უმაღლესი მმართველობისადმი ნდობის ვარდნა იძლევა ჯერ-ჯერობით საფუძველს, რეალური პოლიტიკური ცვლილებებისთვის საზოგადოების მზაობაზე ვისაუბროთ, - თვლის რუსი პოლიტოლოგი, კარლოვის უნივერსიტეტის (პრაღა) ბორის ნემცოვის სახელობის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრე მნოროზოვი:
– თავისთავად რეიტინგის ვარდნის ფაქტი, რა თქმა უნდა, არაფერზე მეტყველებს: უპირველესად, ეს გრძელი ტრენდი უნდა იყოს – უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ახლა; მეორეც, დარჩება ფუნდამენტური კითხვა – რისკენ მივყავართ პუტინის რეიტინგის ვარდნას პოლიტიკურ ჭრილში? თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რა ძალებმა უნდა ჩაიგდონ ხელში ქვეყნის მართვა? არსებული ოპოზიცია განადგურებულ მდგომარეობაშია. პლუს ყველაფერს, როგორც უკვე არაერთგზის აღნიშნეს სოციოლოგებმა და პოლიტოლოგებმა, რუსეთს არ აქვს ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყანას კრიზისულ ვითარებაში დაეხმარებოდნენ, – მაგალითად, მძლავრი პროფკავშირი, ან რომელიღაც ძველი მძლავრი სოციალ-დემოკრატული პარტია, ან ეკლესია, როგორც პოლიტიკურად ავტორიტეტული ინსტიტუტი.... მაშ რას ნიშნავს პრაქტიკულად და სად მიგვიყვანს პუტინის არაპოპულარულობა? ეს რთული საკითხია.
– ხშირად საუბრობენ ხელისუფლების უცნაურ რეაქციაზე მიმდინარე მოვლენებზე. ავიღოთ თუნდაც ხალხისადმი პუტინის მიმართვები: ეს მიმართვები თითქოს არნახულად ბევრი იყო, მაგრამ არცთუ დამაჯერებელი, უფრო ბანალური. საერთო განცდა ასეთია: რაღაც არ წავიდა ისე, როგორც საჭირო იყო. და რატომ? - მსგავსი პანდემიებისთვის ზოგადი მოუმზადებლობის, თუ იმის გამო, რომ ამ ჭირმა რუსეთის ხელისუფლებას ერთგვარი გარდატეხის პერიოდში (იანვარში პუტინმა საგრძნობი პოლიტიკური გადაადგილებები და ცვლილებები წამოიწყო) უწია?
– დიახ, პანდემიამ და ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის ხელისუფლებას ერთგვარ გარდამავალ პერიოდში უწია. დაიწყო რა 2018 წელს ახალი კადენცია, პუტინმა ზოგიერთი სტრატეგიული გეგმების შესახებ განაცხადა. 2019 წლის განმავლობაში ეს გეგმები ვერ რეალიზდა, ძალზე ცუდად იშლებოდა. როგორც არაერთი გამოცდილი დამკვირვებელი აღნიშნავდა, მთავრობის დათხოვნის მთავარ მიზეზად იქცა უკმაყოფილება იმით, როგორ სრულდებოდა სტრატეგიული პროგრამები, რომლებიც, კრემლის გათვლით, ეკონომიკური განვითარების ძრავად უნდა ქცეულიყო. აი, მთელი ეს ბლოკი პუტინს 2019-ში ცუდად გამოუვიდა და აპირებდა, ეს პროცესები ახალი მთავრობის პირობებში დაეჩქარებინა. თუმცა სწორედ ამ მომენტში მან დაუშვა უდიდესი შეცდომა OPEC-ის კუთხით და ეს შეცდომა უკვე ყველას მიერაა აღიარებული. და ბოლოს, საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი სქემა, რომელიც პუტინმა, მართალია, განახორციელა, მაგრამ განახორციელა ატმოსფეროში, რომელიც საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის გამყარებას ხელს არ უწყობდა. ამგვარად, მე ვიტყოდი, რომ მას საკმაოდ მსხვილი წარუმატებლობების მთელი ნუსხა დაუგროვდა.
ამ მომენტში დაგვარტყა პანდემიამ, რომელიც არა მარტო აფუჭებს რუსეთის ეკონომიკას (სხვადასხვა გათვლებით, სამომავლოდ მშპ-ის 3-6%-იან კლებას პროგნოზირებენ), არამედ კრემლს აყენებს დიდი კითხვის წინაშე: საერთოდ როგორ იმოქმედოს აწი სტრატეგიულად? ახლა რომ, მაგალითად, იმ 13 ეროვნული პროექტის სიას გადავხედოთ, რომლებზეც იდებოდა ფსონი, როგორც ეკონომიკისა და სოციალური სფეროს შემდგომი მოდერნიზების ერთვარ სქემაზე, იქ ნათლად ჩანს, რომ ინფრასტრუქტურის, დიდი სატრანსპორტო მაგისტრალების მოდერნიზების, მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით არსებული ცალკე ეროვნული პროექტის, დემოგრაფიასთან დაკავშირებული პუნქტის, კულტურასთან დაკავშირებული პუნქტის დაფინანსება საკმაოდ მნიშვნელოვნად მცირდება იმ მასშტაბური კრიზისის შედეგად, რომელიც პანდემიასა და ნავთობს აერთიანებს. როგორ შეებრძოლება ამას კრემლი 2024 წლამდე პერიოდში? ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი.
– ამ კონტექსტში პუტინის თითქოსდა უცნაური და ალოგიკური მცდელობა, პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი ტვირთი რეგიონებისთვის გადაელოცა, დროებითი მოვლენაა, თქვენი აზრით, თუ რაღაც ახალი სახელისუფლებო კონფიგურაციის გამოვლინება, რომელიც შეიძლება, სწორედ შეცვლილი ვითარების პასუხად გახდეს შესაძლებელი?
– ეს, რა თქმა უნდა, ყველამ ნახა: პუტინმა პასუხისმგებლობა რეგიონებს გადააკისრა და ამაში არის გარკვეული ლოგიკა: რუსეთი ძალიან დიდი და ძალიან ჭრელია, ამიტომაც, ცხადია, მსგავსი მასშტაბების კრიზისის პირობებში პრობლემების მხოლოდ ცენტრიდან მართვით გადაჭრა შეუძლებელია, უფლებამოსილებების დელეგირება გარდაუვალია. მაგრამ სახეზეა სხვა პრობლემა: გზის იმ ნაწილს, რომელიც ფედერალურ ცენტრს უნდა გაევლო, იგი ძალიან ცუდად გადის. პუტინი ძალზე ბუნდოვნად მიმართავს თავის ბიუროკრატიასაც, რომელსაც მთლად კარგად არ ესმის, რა უნდა მოიმოქმედოს პანდემიასთან საბრძოლველად, და მეორეს მხრივ, ძალზე ბუნდოვნად საუბრობს ამ ყველაფრის დაფინანსებაზე ფედერალური ბიუჯეტიდან, აკისრებს რა ამ პასუხისმგებლობას მთავრობას. თავის მხრივ, მთავრობა რაღაცას აკეთებს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, მინისტრთა კაბინეტი მოსახლეობისთვის არცთუ კარგად ცნობილი ინსტიტუტია. როგორც მედვედევის, ისე მიშუსტინის დროს ხელისუფლების ამ კონსტრუქციით მთავრობა ყოველთვის ერთგვარი მეხამრიდია – მასზე და არა პრეზიდენტზე მიიმართება მოსახლეობის ყველა ნეგატიური ემოცია. პუტინმა კი მოულოდნელად არცთუ მკაფიო პოზიცია დაიკავა. ეს პრობლემა არსებობს, მას უდავოდ ექნება გაგრძელება და დაარტყამს კიდეც კრემლს პოლიტიკურად.
– ეს ყველაფერი – საშინაო პოლიტიკისა და მის განვითარებაში შესაძლო ტენდენციების თაობაზე. მაგრამ თუ ვისაუბრებთ რუსეთისა და მათ როლზე, ვინც ამჟამად ქვეყანას მართავს, მსოფლიოში? ყველა ის პრობლემა, რომელიც ახსენეთ, – რა მოაქვს მათ? კრემლი უფრო მორცხვი გახდება, თუ მაინც გააგრძელებს იგივე ხაზს, რომელსაც მთელი პოსტყირიმისეული პერიოდის განმავლობაში მიჰყვებოდა?
– აქ დიდი პრობლემაა. დავეთანხმებოდი მათ, ვინც ამბობს, რომ ეს პანდემია, ეს კრიზისი, ყველა ნეგატიური კონოტაციის მიუხედავად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩინეთის მსოფლიო გავლენას. ადრეც ხშირად მსმენია, რომ ჩინეთი და აშშ – ეს XXI საუკუნის ორი მთავარი ქვეყანაა და მათი ურთიერთქმედება განაპირობებს ყველაფერს. სწორედ ეს დრო დადგა. ამ ფონზე კრემლის პოლიტიკური თამაში მომენტალურად დაბლდება. მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ნახევარია, რადგან პუტინის გართულებები მარაოსებურია – მთელს პერიმეტრზე. მოკლე დროში – ნახევარი წლის განმავლობაში მას რთული ურთიერთობები აქვს თურქეთთან, ნავთობის ირგვლივ მკაცრი უთანხმოება საუდის არაბეთთან, ეს კი პროეცირდება სხვა რიგ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც (აქ კრემლმა დაუშვა შეცდომა, რომელიც ბევრს ეხება); კორონავირუსისა და მის ფონზე შემოღებული შეზღუდვების გამო კრახს განიცდის რუსეთის წარმოდგენილობა BRICS-ში... და რა უნდა გავაკეთოთ, როცა უკვე აღარ არის და აღარც იქნება უმსვილესი განვითარებადი ეკონომიკების უწინდელი კონსტრუირებული ერთობა? რუსეთს ემუქრება დიდი პრობლემა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთანაც სწორედ იმის გამო, რომ ჩინეთის სტატუსი იცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლს ღრმად დაფიქრება მოუწევს იმაზე, შესაძლებელია თუ არა რაიმე სხვა საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის პოვნა. უნდა აღვნიშნო, რომ ამაზე უკვე ფიქრობენ. თუ გადახედავთ, რას წერენ იმგვარი გამოცდილი საგარეო პოლიტიკრი ექსპერტები, როგორიცაა ანდრეი კორტუნოვი ან ალექსანდრე დინკინი, შეამჩნევთ რუსეთისთვის რაღაც ახალი სტრატეგიის მოსინჯვის მცდელობებს.
თუმცა თავად პუტინს, ჩემი ხედვით, უკვე აღარ ძალუძს, რაიმე ახალ სტრატეგიას მიჰყვეს. ამდენად, დიახ, სამწუხაროდ, პროგნოზი უნდა დავიყვანოთ იმაზე, რომ პუტინი საკმაოდ ბეცად გაჰყვება ძველ სქემებს და ეცდება, მაგალითად, ბოლომდე ზარდოს წნეხი ბელორუსზე, რათა ინტეგრაცია აიძულოს; ესაუბროს ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ძალზე უხეში ახალიმპერიალისტური ენით და ა.შ. კრემლი გააგრძელებს გავლენის კარგვას ქვეყნებში, რომლებთანაც ადრე საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდა, ნელ-ნელა დასუსტდება და განულდება ყველა ის ექსპერიმენტი, მცდელობა სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური შესვლისა ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში…
- ეს, მართალია, გამარტივებაა, მაგრამ მაინც: კორონავირუსი ერთგვარად უზენაესი მოსამართლის როლში გვევლინება, რომელიც მოვიდა და ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, ართმევს რა საზოგადოებასაც და მმართველებსაც გარკვეულ ილუზიებს? რუსეთთან მიმართებაში ეს შედარება მართებულია?
– მე ვიტყოდი, რომ დიახ. მართლაც, პანდემია – ეს ამბიციებისა და რეალური შესაძლებლობების შესაბამისობის შემოწმების სიტუაციაა. ნათელია, რომ რუსეთისთვის ეს შემოწმება ჯერ არ დასრულებულა, მისი პირველი ნახევარი კი აჩვენებს, რომ პრობლემები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რუსეთი რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის მორიგ ტალღაში მოყოლილიყო, – თვლის პოლიტოლოგი ალექსანდრე მოროზოვი.
"ევროპა ორი “ჭირიდან” ნაკლებს ირჩევს"
სანამ რუსეთი პანდემიის პიკის მოლოდინშია, ევროპულ სახელმწიფოებში იგი დიდწილად უკვე კლების ეტაპზეა და საკარანტინე ღონისძიებებს ნელ-ნელა არბილებენ. ერთიანი რეცეპტი აქ არ არსებობს, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა, განსხვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარებებიდან გამომდინარე, საკუთარი ლოგიკით ხელმძღვანელობს. ამავდროულად კორონავირუსული კრიზისის პირველადი პოლიტიკური შედეგები ევროკავშირის ფარგლებში დაახლოებით ერთნაირია: ბრიუსელის როლის შესუსტება და ეროვნული მთავრობებისადმი მოქალაქეთა ნდობის ზრდა. აპრილის პირველი ნახევრის შედეგების თანახმად, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის რეიტინგები რეკორდულადაა ამაღლებული. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს საქმიანობას დადებითად მოქალაქეთა 71% აფასებს, ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის მოღვაწეობას - 77%, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისას, რომელსაც პანდემიამდე “პოლიტიკურ დაკრძალვას” უწინასწარმეტყველებდნენ, - 79%. საკუთარი პოლიტიკოსებისადმი ტრადიციულად სკეპტიკური ფრანგებიც კი პრეზიდენტ მაკრონის რეიტინგს 51%-იან დონეზე ინარჩუნებენ.
გარდაუვალი მძიმე ეკონომიკური კრიზისის მომენტში ევროპული თანამშრომლობისთვის უნიკალური სიტუაცია ჩამოყალიბდა: "მთავრობებს ნდობის ძალზე მაღალი კრედიტი აქვთ, რომელიც შეუძლიათ, აუცილებელი კომპრომისებისა და სოლიდარული მოქმედების მიღწევისთვის გამოიყენონ", – აღნიშნავს ამასწინანდელ სტატიაში ბრატისლავაში ბაზირებული საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის – GLOBSEC-ის დირექტორი ალიონა კუდკო. ამ მოვლენის მიზეზებს იგი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ასე აანალიზებს:
– კრიზისის ეფექტი დიდ როლს ასრულებს, განსაკუთრებით – იმ პირობებში, როცა ბევრი პოლიტიკოსი არსებულ ვითარებას ომს ადარებს. ასე იქცევა, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი. თუ ომია, მაშასადამე, ყველა ერთ ნავში ვართ და ერთი ბაირაღის ქვეშ უნდა დავდგეთ. მსგავსი მობილიზება მართლაც ძალიან ქმედითია, თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მომენტიც. ადამიანები ხედავენ, რას და როგორ აკეთებს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად. და თუ ბოლო წლებში ფართოდ იყო გავცელებული მტკიცებები, რომ დადგა ცოდნის კრიზისის, ექსპერტებისადმი უნდობლობის ეპოქა, ახლა ეს სიტუაცია იცვლება, ექსპერტები პოპულარობას იბრუნებენ. შიში იმდენად დიდია, რომ ადამიანებს სურთ, ისმინონ ეპიდემიოლოგების და არა უბრალოდ მათი აზრი, ვინც სასიამოვნოდ მჟღერ, თუმცა არცთუ გარანტირებულად სწორ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ვინაიდან მეინსთრიმის პოლიტიკოსების უმრავლესობა ახლა ექსპერტიზას ეყრდნობა, ეს მათი პოპულარობის ზრდას უწყობს ხელს, ხოლო პოპულისტურად ცნობილი პარტიები მოდაში აღარაა.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კრიზისის ეფექტი, როგორც წესი, დროთა განმავლობაში გადის. როდესაც ვითარება ნორმალიზდება, ყველა მთავრობას როდი ძალუძს, მოიგოს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლო წარსულში პოპულარობით სარგებლობდა. ორმოდან ამოსვლა რთულია – გაცილებით უფრო რთული, ვიდრე საზღვრების ჩაკეტვა და ყველას სახლებში გაშვება.
– არაერთ ქვეყანაში ამჟამად კარანტინს არბილებენ. აშკარაა, მმართველი ელიტები ფიქრდებიან იმაზე, როგორ მოახერხონ, რომ კრიზისმა საზოგადოებებს და თავად მათ ზედმეტად ძლიერად არ დაარტყას. ხომ არ არის აქ იმის რისკი, რომ პოლიტიკოსებმა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანებს შთააგონონ - “პანდემიას თითქოს გავუმკლავდით, ახლა მოდით, გავხსნათ ეკონომიკა”, ეს კი ნაადრევი აღმოჩნდეს?
– მთლიანობაში, ევროპაში გამჭვირვალედ და დროულად ქვეყნდება მონაცემები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. თუ ციფრები მაღალია, საავადმყოფოები - გადატვირთული, მოსახლეობას ეპიდემიის დაძლევაში ძნელად თუ დაარწმუნებ: ფაქტები ხომ ჯიუტი რამაა. კარანტინის ალაგებას მართლაც ცდილობენ, ყველა პოლიტიკოსს აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი. არსებობს სრულიად საფუძვლიანი შეშფოთება, რომ ეკონომიკა შეიძლება, იმდენად დაინგრეს, რომ მისი სწრაფი აღდგენა უბრალოდ შეუძლებელი გახდეს. მოსახლეობაც შფოთვაშია: რით უნდა იარსებოს, რა ჭამოს... წელიწადნახევარი ჩაკეტილ ქვეყნებში ჯდომა, სანამ გარანტირებულად სანდო ვაქცინა არ გამოჩნდება, აბსოლუტურად არარეალურია ეკონომიკური თვალსაზრისით: შესაძლოა, სიღარიბისგან, შიმშილისგან, სხვა დაავადებებისგან მეტი ადამიანი გარდაიცვალოს, ვიდრე კორონავირუსისგან. არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს უფრო ეთიკური დისკუსია, ვიდრე ტექნოკრატიული: რომელი “ჭირია” უფრო საშიში? იდეალური, აბსოლუტურად მორალური, სწორი და ამავდროულად ეკონომიკური თვალსაზრისით ყველასთვის გამართული სცენარი უბრალოდ არ არსებობს.
– უკვე ახსენეთ, რომ პანდემიის პერიოდში არ მომხდარა რადიკალური, პოპულისტური ძალების პოპულარობის ზრდა. არადა, მანამდე ისინი ევროპაში ძალებს აშკარად იკრებდნენ, მათით ყველას აშინებდნენ. და აი, უცებ მოდის კორონავირუსი და მდგომარეობა იცვლება – ხალხი პოპულისტებისადმი მინდობას აღარ ჩქარობს. როგორ ფიქრობთ, რატომ?
– დიახ, თუ გადავხედავთ “ალტერნატივას გერმანიისთვის”, "ეროვნულ გაერთიანებას" საფრაგნეთში, “თავისუფლების პარტიას” ავსტრიაში და ა.შ., ისინი ერთგვარად უკანა პლანზეა გადაწეული – როგორც პოლიტიკურად, ისე კორონავირუსისგან გადარჩენის რაღაც კონკრეტული იდეების კუთხით. შესაძლოა, იმიტომ, რომ ნაციონალისტური პარტიების გარკვეული შეხედულებები ამჟამად ისედაც არის ხორცშესხმული. ჩაკეტილი საზღვრები, ეროვნული ინტერესების უზენაესობა – ეს უკვე მეინსთრიმია უბრალოდ იმიტომ, რომ ამ კრიზისის პირობებში სხვა გადაწყვეტილებები არ არსებობდა. ამასთანავე, პოპულისტები არასოდეს იყვნენ სახელგანთქმულები კარგად გაწერილი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, - მათ უფრო მეტად “დიადი” იდეებით იცნობენ. ახლა ეს იდეები ნაწილობრივ შეიარაღებაში აქვთ მეინსთრიმულ პარტიებს, თუმცა უკიდურესობების გარეშე. მაგალითად, განიხილება საკითხი, როგორ დააბრუნონ ვეროპაში ფარმაკოლოგიური პრეპარატებისა და სხვა იმ პროდუქციის წარმოება, რომელიც ამ დროისთვის აზიაში იწარმოება და მნიშვნელოვანი შეიძლება, აღმოჩნდეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რათა, თუ ახალი კრიზისი დადგება, არ ვიყოთ ამდენად მიბმულები ჩინეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან იმპორტს.
– როგორ განვითარდება, თქვენი აზრით, მოვლენები ევროკავშირის ფარგლებში? პანდემიის დაწყებამ ბრიუსელს საზოგადოებრივი აზრის კუთხით აშკარად ავნო – ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაენმა საჯაროდ ბოდიშიც კი მოუხადა იტალიას დახმარების დროულად ვერაღმოჩენის გამო. თუმცა ამ დროისთვის დამტკიცებულია მასშტაბური პროგრამა მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფინანსური დახმარების გასაწევად. შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ ევროსკეპტიკურ განწყობებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იგივე იტალია, სადაც რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგი არ იქნებოდა, უბრალოდ ფულით ჩაახშობენ?
– ფულით რომ ჩაახშო, ჯერ ეს ფული უნდა იშოვო. ჯერ-ჯერობით ეძებენ, რით დაფინანსდეს ეს ფონდი და რა ინსტრუმენტებით. მნიშვნელოვანი საკითხია ასევე, რის მიღებას შეძლებენ ცალკეული ქვეყნები სათავისოდ ვაჭრობის გზით ევროკავშირის შემდგომი 7 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას, ეკონომიკური და სოციალური განვითარების რა მიმართულებებს დაუჭერს სამომავლოდ ევროკავშირი მხარს. ტრადიციულად, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებში ერთგვარი “განტევების ვაცია”, რომელსაც იყენებენ, როცა საჭიროა იმის განმარტება, რატომ ვერ მიდის შინ რაღაც ისე, როგორც საჭიროა. და თვითრეკლამასთან დაკავშირებითაც ევროკავშირს ყოველთვის პრობლემები ჰქონდა, მით უფრო – ამჟამინდელ რთულ ვითარებაში. ამასთან, ევროკავშირს არც ისე ბევრი უფლებამოსილება გააჩნია, როგორც შეიძლება, ვინმეს ეჩვენებოდეს და საკითხების უმრავლესობა სწორედ ეროვნული მთავრობების დონეზე წყდება. მეორეს მხრივ, ახლა არსებობს იმის აღქმა, რომ საქმე იმდენად ცუდადაა, აუცილებელია თავის ერთობლივად გადარჩენა. ამიტომაც კომპრომისებისთვის ბევრია მზად და ეს ხსენებული საგანგებო ევროფონდის შექმნის ირგვლივ ამასწინანდელმა მოლაპარაკებებმაც აჩვენა. ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ წარუდგენენ ამ კომპრომისებს თავის მოქალაქეებს ცალკეული ეროვნული მთავრობები. ნდობის დონე მათ სადღეისოდ იმდენად მაღალი აქვთ, რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, მოახდინო პუბლიკის ორიენტაცია სოლიდარულ მოქმედებაზე, – ამბობს საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრ GLOBSEC-ის დირექტორი ალიონა კუდკო.
მასალა ნათარგმნია svoboda.org-დან