სამტრედიის აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: „საქართველოში კორონავირუსი იმიტომ მოიგონეს, რომ ხალხი აღდგომას ეკლესიაში არ მისულიყო“

04-05-2020 20:30:46 ციტატა

„კორონავირუსი საქართველოში მოგონილი იყო, რომ ხალხი აღდგომას ეკლესიაში არ მივსულიყავით. 180 ათასი ადამიანი ეზიარა და არც ერთი არ დაავადებულა. ყველა სფეროში დაავადდა ხალხი, მათ შორის ექიმებიც, ეკლესიიდან კი ადამიანი არაა დაავადებული. ე. ი რისთვის იყო ეს მოწყობილი? რომ ჩვენ ხალხი, აღდგომას ეკლესიაში არ მივსულიყავით“.

განუცხადა „ტვ პირველს“ სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრმა ვახტანგ მაღლაკელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვებისა და ვირუსის გავრცელების რისკისა, ტაძრები არ დახურულა და აღდგომის დღესასწაულზე ლიტურგია მრევლის მონაწილეობით ჩატარდა.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების 3 მილიონზე მეტი შემთხვევა დასტურდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები