მარნეულის მერი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს პასუხობს

04-05-2020 23:41:42 მულტიკულტურული საქართველო

მარნეულის მერი ზაურ დარგალი მარნეულელების შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის სიძულვილის ენის შემცველ კომენტარს ეხმიანება და აცხადებს, რომ აბაშიძემ "შესაბამისი პასუხი შესაბამისი უწყებების მხრიდან" უნდა მიიღოს.

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადამიანი – საჯარო მოხელე, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ნებისმიერი დისკრიმინაციული განცხადება ცუდია და შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებიდან, ისე შესაბამისი უწყებების მხრიდან", - განაცხადა Marneuli FM –ის ცნობით, დარგალმა.

მარნეულის მერის თქმით, საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამ ქვეყნის ყველა შვილი სრულყოფილი მოქალაქეა.

"ჩემთვის, პირადად, მარნეული არის საქართველოს გული და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება მარნეულელებზე და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე ცუდი თქვას ეთნიკურ ან სხვა კულტურულ-რელიგიურ ჭრილში", - ამბობს დარგალი.

ცნობისთვის: ზაზა აბაშიძემ Facebook-ზე ერთერთ პოსტზე მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით დაწერა, "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

აბაშიძის ამ კომენტართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსმა "არა ფობიას" და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები