Accentnews.ge
დაღესტანში ხალხი უდიაგნოზოდ იღუპება

დაღესტანში ხალხი უდიაგნოზოდ იღუპება

05/05/2020 08:21:57 ანალიზი

მთელი დაღესტანი მოიცვა დაავადებამ, რომლის ბუნება არც რესპუბლიკის მოსახლეობამ იცის და ბოლომდე არც ადგილობრივმა ექიმებმა: ეს ან ორმხრივი ვირუსული პნევმონიაა, ან COVID-19. ავადობენ მთელი ოჯახები და სოფლები. კარანტინზე ჩაკეტილ დაბებში ვითარება მთლად გაუსაძლისია: ხალხს მედიკამენტებსა და სურსათზე წვდომა არ აქვს. ინფექციურად გადაპროფილირებული რაიონული და საქალაქო საავადმყოფოები გადაჭედილია და ხალხი უდიაგნოზოდ იღუპება.

დაღესტანი ალბათ, რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეგიონია, სადაც ზღვარი “არასტაციონარულ” პნევმონიასა და კორონავირუსს შორის წაიშალა, - ამბობს ყოველკვირეული გამოცემა «Черновик»-ის მთავარი რედაქტორი მაირბეკ აგაევი:

«ერთის მხრივ, არსებობს COVID-19-ის შესახებ ოფიციალური ციფრები – 2 000-ზე ოდნავ ნაკლები ინფიცირებული და 20-მდე გარდაცვლილი. მეორეს მხრივ, არის ადგილები (ყიზლარი, ხასავიურტი, ყიზილიურტი, აკუშინის და გერგებილის, ასევე სხვა რაიონები), სადაც ხალხი ოჯახებითა და მთელი სოფლებით ავადობს. ათეულობით ადამიანი იღუპება, საავადმყოფოები გადაჭედილია, ავადმყოფების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და უმრავლესობას ორმხრივი პნევმონიის სიმპტომები აქვს».

მისივე განმარტებით, ეს მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკაში არ შედის, დაავადების ბუნება უცნობია, ყოველ შემთხვევაში - ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.

როგორც აგაევი ყვება, ხელისუფლების რეაქცია რესპუბლიკაში შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე არაერთმნიშვნელოვანია:

«ხელისუფლება სრულ პროსტრაციაშია, კერებზე მხოლოდ ავადმყოფების სასოწარკვეთილი მიმართვების შემდეგ რეაგირებს. კლინიკების დახმარება პრიმიტიულია და 100-200 კომბინიზონის მიწოდებით შემოიფარგლება. ამ დღეებში მოხალისეებმა ადგილებზე მედიკოსებისთვის დაცვის საშუალებების შეგროვება დაიწყეს, თუმცა დაღესტნის მასშტაბით ეს ვითარებაში გარდატეხას, რა თქმა უნდა, ვერ შეიტანს”.

პროექტ “პაციენტის მონიტორის” ხელმძღვანელი უვაის ზიავუტდინოვი ადასტურებს, რომ ამჟამად დაღესტანში ყველა საავადმყოფო გადაჭედილია და რომ რესპუბლიკა სამედიცინო პერსონალისა და არსებულისთვის დამცავი საშუალებების კატასტროფულ ნაკლებობას განიცდის:

“იყო ამ თემაზე მედიკოსების ცალკეული ჯგუფების რამდენიმე მიმართვაც, თუმცა ექიმების უმრავლესობა ღიად საუბარს მაინც თავს არიდებს, რადგან შესაძლო შედეგების ეშინია. ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, თუმცა რეალურად, მდგომარეობა კატასტროფულია. არაერთ სოფელში მოსახლეობის ნახევარი ავადობს, მხოლოდ ცალკეული სამედიცინო დაწესებულებების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში ათობით შემთხვევას აღწევს. თუმცა ისინი არ ფიქსირდება გარდაცვალებად კორონავირუსისგან, ამ დიაგნოზს არ სვამენ. ირწმუნებიან რომ ეს არის ორმხრივი პნევმონია. ტესტირების კუთხით სერიოზული პრობლემებია. რესპუბლიკაში არ არის ორგანიზებული მასობრივი კომპიუტერული ტომოგრაფია, ოფიციალური მონაცემები “სტაციონარსგარე პნევმონიაზე” საჯარო წვდომაში არ არსებობს. ამ ვითარებაში დახმარების გარეშე რჩებიან პაციენტები ქრონიკული დაავადებებით და ფეხმძიმე ქალები”.

ორიოდ დღის წინ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა არატრადიციული მედიცინის პრაქტიკოსმა შოიპ ნურმაგომედოვმა, რომელიც 20 წელზე მეტია, სტამბოლში ცხოვრობს. მახაჩყალაში დარჩენილ მის ოჯახში სამივე და და მოხუცი დედა ავადობენ: ყველას ორმხრივი პნევმონიის (ან კორონავირუსის) სიმპტომები აქვს, თუმცა დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება:

«დაღესტნის საავადმყოფოებში არ არის მედიკამენტები, საკმარისი საწოლები. სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი, რომც მივიდნენ გამოძახებაზე, წერენ რაღაც წამლებს, რომელსაც ვერ იშოვი, ხოლო თუ იშოვი, ძალზე ძვირია - აფთიაქებმა ხომ ფასები გააათმაგეს. კომპიუტერულ ტომოგრაფიას სახელმწიფო კლინიკებში არ აკეთებენ, მხოლოდ კერძოებშია, იქ კი ფასები ასევე გაათმაგდა და საცოდავი ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა. თავად თურქეთში ინფიცირებულთა უზარმაზარი რაოდენობაა, თუმცა ქვეყანა არა მარტო თავისით უმკლავდება მდგომარეობას, არამედ სხვებსაც ეხმარება. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ასევე ძალიან ბევრია ინფიცირებული, თუმცა ხალხი სწრაფად თვითიზოლირდა და ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. ჩემი მშობლიური რესპუბლიკიდან კი, სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვესმის, რომ იღუპებიან თავად ექიმები, მედდები, მედპერსონალი. ძალზე მძიმეა, ამას გვერდიდან ადევნო თვალი და არაფერი გააკეთო».

ნურმაგომედოვის ვიდეომიმართვას, რომელშიც იგი დაღესტანს დახმარებას თურქეთიდან სთავაზობს, პასუხი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ბოლო დროს ცალკეულმა დაღესტნელმა მეცენატებმა მედიკოსებისთვის აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების მიწოდება დაიწყეს. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, დაღესტნის მკვიდრმა სულეიმან ქერიმოვმა რესპუბლიკას სამედიცინო პრეპარატებისა და დაცვის საშუალებების პარტია გაუგზავნა. მისი დახმარების მორიგი პარტია – სადეზინფექციო საშუალებებით სავსე სატვირთო მანქანა დაღესტანში გუშინ მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S