
ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან 300-მდე კურსანტის დაბრუნებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია
05/05/2020 09:12:43 კონფლიქტები
ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების 300-მდე კურსანტი ბრუნდება. ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მხრივ რუსეთში არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ცნობამ ამ ქვეყნიდან კურსანტების დაბრუნების შესახებ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია: ხალხი შიშობს, რომ რუსეთიდან ამ რაოდენობის ადამიანების დაბრუნება დანარჩენ მაცხოვრებლებსაც საფრთხის წინაშე დააყენებს, მით უფრო, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, კურსანტებს შორის ინფიცირებულებიც არიან.
დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობაში პანიკის აღმოფხვრა იჩქარა და გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა, ვინც მკურნალობას საჭიროებს, სამედიცინო დაწესებულებებში დარჩება, დანარჩენები კი ორკვირიან მკაცრ სავალდებულო კარანტინში მოთავსდებიან.
ოკუპირებული რეგიონის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ ოპერატიული შტაბის თათბირზე გააკეთა მოხსენება იმის შესახებ, როგორ ემზადებიან ახალგაზრდების მისაღებად:
«ჩვენთან ჩამოდიან კურსანტები და მათთვის ვმზადებთ ადგილებს რესპუბლიკის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. ჩავატარეთ ინსპექტირება ძაუსის (ოსური სახელწოდება) საავადმყოფოშიც: პირობები იქ ნორმალურია, მომზადდა ოთახები თავისი სანკვანძებით, არის ცხელი წყალი».
კოჩიევამ ასევე აღნიშნა, რომ «სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მორიგ ჯგუფს, რომელიც რესპუბლიკაში 10 დღის წინ დაბრუნდა, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და ყველა შემთხვევაში უარყოფითი შედეგი იქნა მიღებული, სულ კი ამ დრომდე 183 ტესტია ჩატარებული და შედეგები ყველაგნ უარყოფითი იყო, ასე, რომ ამ ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა სამხრეთ ოსეთში აღრიცხული ამ დრომდე კვლავინდებურად არ არის».
დე ფაქტო პრემიერმა ერიკ ფუხაევმა შესაბამის უწყებებს საკარანტინე რეჟიმის დაცულობის მკაცრი კონტროლი დაავალა. დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა კი მოახსენა შეკრებილთ, რომ რუსეთის შსს-ს უმაღლესი სასწავლებლების დანარჩენი კურსანტები სწავლების ადგილებში რჩებიან, რადგან «ვითარება უმაღლეს სასწავლებლებში შეშფოთებას ჯერ-ჯერობით არ იწვევს». “... ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში არიან, სწავლება დისტანციურად წარმოებს» - დასძინა მან.