დაპირისპირება აზერბაიჯანულ ბილიასუვარში: მედია დაშავებულთა შესახებ იუწყება

05-05-2020 13:35:01 კავკასია

აზერბაიჯანის ბილიასუვარის რაიონის მაცხოვრებლებმა მათი პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან აქცია გამართეს.

როგორც სააგენტო “Turan"-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

«რაიონში არსებობს სერიოზული სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, ხალხი შიმშილის ზღვარზეა», - განმარტა აქციის მონაწილემ, რომელმაც ვინაობის განსაჯაროება არ ისურვა.

მედიის ინფორმაციით, ათობით მოქალაქემ ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა პოლიციის წინააღმდეგობას წააწყდა. არაოფიციალური ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

შსს-ს წარმომადგენელმა ეხსან ზახიდოვმა განუცხადა “Turan”-ს, რომ “მოქალაქეთა ჯგუფი რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან შეკრებას ცდილობდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებთან ახსნა-განმარტებითი მუშაობა ჩაატარეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს”.

“დაკავებულ იქნა მხოლოდ ერთი მოქალაქე, რომელიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და ერთ-ერთ თანამშრომელს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მოქალაქეთაგა არავინ დაშავებულა», - განაცხადა ზახიდოვმა.

Meydan TV იუწყება, რომ 29 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბილიასუვარის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მახირ გულიევი, მისი პირველი მოადგილე, რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, საცხოვრებელ-საექსპლუატაციო განყოფილების უფროსი და რამდენიმე სხვა ადგილობრივი ჩინოსანი დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს. სპეცოპერაცია სახელმწიფოს მიერ საკარანტინე რეჟიმის პირობებში რაიონისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ადგილობრივი ჩინოსნების მიერ მითვისების შესახებ მრავალრიცხოვანი საჩივრების მიღების შემდეგ ჩატარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები