
COVID-19-ის პირველი შემთხვევა ცხინვალის რეგიონში: ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული მამაკაცია
06/05/2020 09:17:28 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შესახებ განაცხადა. ვირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რუსეთიდან ცხივალის რეგიონში 30 აპრილს ჩავიდა, იუწყება ოსური სააგენტო “რესი”.
«დაგვიდასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა იმ პირთა შორის, რომლებიც კარანტინზე მივიღეთ დ რომლებიც ორგანიზებული ჯგუფებად ბრუნდებოდნენ სამხრეთ ოსეთში. ეს ფაქტი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა ვირუსის ფართო გავრცელება არ მივიღოთ», – აღნიშნა დღეს გამართულ თათბირზე ბიბილოვმა.
მან დაავალა მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევასა და ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრ გიორგი ტოტჩიევს, მკაცრად გააკონტროლონ, რომ ინფიცირებულის ყველა კონტაქტი დადგინდეს და საავადმყოფოებში საკარანტინე ღონისძიებები გაამკაცრონ.
თავის მხრივ, მარინა კოჩიევამ მოახსენა შეკრებილთ, რომ ტესტები უკვე ჩაუტარდა მთელს ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ცხინვალის რეგიონში ეს მამაკაცი დაბრუნდა. «მთელი ჯგუფი კარანტინშია, სინჯები აღებულია, შედეგები უახლოეს ხანებში გვექნება», - აღნიშნა მან.
სხდომაზე ასევე რუსეთიდან სამხედრო სასწავლებლების კურსანტების დაბრუნების საკითხზე იმსჯელეს. დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ იბრაგიმ გასეევის განცხადებით, უკვე დაბრუნდა 300-დან 70 კურსანტი, დღეს კი კიდევ 90-ის მიღება იგეგმება.
ბიბილოვმა ყურადღება გაამახვილა ასევე მკაცრი წესების დაცვის აუცილებლობაზე “რესპუბლიკაში” მოქალაქეთა შესვლისას რუსეთის საკონსულოს ხაზით.
«იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც გაგვაჩნია, ეს მოსახლეობის უსაფრთხოებას უკავშირდება. ადამიანები, რომელთაც სამშობლოში – სამხრეთ ოსეთში დაბრუნების მწვავე აუცილებლობა უდგათ, საკმაოდ ბევრნი არიან. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხეობაზე და ამისთვის დადგენილია რესპუბლიკაი შემოსვლის წესები. სწორედ ამ წესების წყალობით არ გვქონია ორი თვის განმავლობაში კორონავირუსი, ეს ადამიანი კი, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა, კარანტინში იმყოფება, გამოირიცხა მისი კონტაქტები საავადმყოფოს კედლებს გარეთ. მიღებულია სწორი გადაწყვეტილებები და აუცილებელია მათი შესრულება», – დასძინა ბიბილოვმა.
ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსის აქტიური შემთხვევები არ არის. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი – 1925 წელს დაბადებული ქალი დაიღუპა.