
"ფეისბუქის" განცხადებაში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის "ნაციონალური მოძრაობა"
06/05/2020 11:50:49 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ფეისბუქის" მიერ გვერდების გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადებაში საქართველოს კონტექსტში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არის ნახსენები და ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
„ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია, ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული პიარკონსულტანტ შკრიალოვთან, გახსოვთ ალბათ, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის რუსი „პიარშიკი“, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოცქსელების მეშვეობით მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია.
სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც ფეისბუკსივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიყალბით და სიძულვილის ენით, თუმცა თავად „ფეისბუკმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია „ფეისბუკის“ სხვადასხვა ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია, მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.
„ფეისბუკის“ განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რო ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, მმართველი პარტია ყველფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, რომელმაც ზიანი მიიღო პანდემიის და ეპიდემიის შედეგად და ცდილობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა იყოს დახვეწილი, ყოვლის მომცველი და რისკების მინიმუმამდე შემმცირებელი და ამ ფონზე ხდება ეს ყველაფერი.
„ფეისბუკის“ განცხადებით, ამ კამპანიის უკან მდგარი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობის დამალვას, მაგრამ გამოძიებით მოხდა ამ ქსელების დაკავშირება საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა დიდი რაოდენობით თანხა, რასაც ფეისბუქმა მიაკვლია, დაახლოებით საუბარია 100 ათას ლარამდე და ალბათ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ხარჯების მასშტაბი.
ამავდროულად „ფეისბუკი“ ხაზს უსვამს, რომ მისი შეფასება დაეყრდნო საჯარო რაპორტინგს, ანუ ნაცმოძრაობის ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გაუქმება მოხდა ფეისბუკ მომხმარებელთა მიმართვების და არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართვის, ან მიმართვების საფუძველზე.
ბუნებრივია მადლობას იმსახურებს „ფეისბუკის“ ადმინისტრაცია ამ ძალისხმევისათვის და მინდა მივმართო მათ, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშაობას საქართველოში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებას.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა გაგრძელდება და სოციალურ ქსელებში ტყუილი და სიძულვილის ენა გადაიწევს უკანა პლანზე.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპიკერმა და მან თქვა, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ სხვადასხვა ქვეყნებია ხელისუფლებაზე განახორციელონ პიარული შტურმი, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები თავს ვერ ართმევენ კოვდინფექციასთან ბრძოლას. ფეისბუქმა სწორედ ამ ალგორითმის მიმდევრები დაბლოკა, მათ შორის საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის და მათი მხარდამჭერთა ის გვერდები, რომლებიც ამ ალგორითმის ქვეშ მოიაზრა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის: "ფესიბუქმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიამ დაბლოკა PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ანგარიშები. ამასთან, კომპანიის ცნობით, გაუქმებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც. ორივე შემთხვევაში Facebook მიზეზად "არაავთენტურ ქცევას" ასახელებს.
კომპანიის განცხადებით, წაშლილია "ეSპერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით კი – 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram-ანგარიში.