
“ხუთი თვალის” სადაზვერვო თანამეგობრობის დოსიე ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე
06/05/2020 17:06:57 ანალიზი
აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო სამსახურებმა, რომლებიც თანამეგობრობაში სახელწოდებით «ხუთი თვალი» არიან გაერთიანებულები, მოამზადეს დოსიე, რომელიც ჩინეთში კორონავირუსზე მუშაობასთან, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ინფორმაციის დამალვასა და სადეზინფორმაციო კამპანიის წარმოებასთანაა დაკავშირებული. მისი შინაარსი საკმაოდ დეტალურად გამოაქვეყნა გაზეთმა “The Daily Telegraph”.
ჩინეთმა “საერთაშორისო გამჭვირვალეობაზე შეტევის” შედეგად გამიზნულად ჩაახშო ან გაანადგურა კორონავირუსის იმ ეპიდემიის დაწყების მტკიცებულებები, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა, - ნათქვამია 15-გვერდიან საგამოძიებო დოკუმენტში, რომელიც თავდაპირველად “The Saturday Telegraph”-მა მიიღო და რომელიც ჩინეთის მიმართ დაუდევრობის კუთხით საქმის აღძრვის საფუძველს წარმოადგენს.
დოსიეს თანახმად, «სხვა ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნით» ჩინეთის მთავრობა მალავდა ინფორმაციას ვირუსის შესახებ და აიძულებდა, ხმა არ ამოეღოთ ან საერთოდ “აქრობდა” მედიკოსებს, რომლებიც ამ კუთხით ხმის ამოღებას გაბედავდნენ, პარალელურად კი ანადგურებდა ლაბორატორიებში ვირუსის არსებობის მტკიცებულებებს და უარს აცხადებდა, ვაქცინის შექმნაზე მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო თანამეგობრობისთვის ვირუსის ცოცხალი ნიმუშები მიეწოდებინა.
გაირკვა ასევე, რომ ავსტრალიის მთავრობა ამზადებდა და აფინანსებდა ჩინელი მკვლევარების ჯგუფს ლაბორატორიიდან, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსების გენეტიკური მოდიფიკაციით იყო დაკავებული, - ვირუსებისა, რომლებიც შეიძლება, ადამიანს ღამურებისგან გადაედოს განკურნების შესაძლებლობის გარეშე. თუმცა ეს ნაწილი კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ დოსიეს ინტერესის საგანს არ წარმოადგენს.
იმ ფონზე, როცა სპეცსამსახურები იძიებენ, ხომ არ მოხდა უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის შემთხვევითი გაჟონვა, დასავლური სადაზვერვო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოექცა ჩინელ მეცნიერ ში ჩჟენლის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფი და მისი კვლევები, კერძოდ, მათი ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებული იყო გენეტიკურად ამჟამინდელი კორონავირუსის ფაქტობრივად იდენტური ვირუსის ნიმუშების აღმოჩენაზე იუნნანის პროვინციაში, ასევე კვლევები იმ კორონავირუსის სინთეზის მიმართულებით, რომელიც მიღებულია ღამურებისგან და მკურნალობასარ ექვემდებარება.
დოსიეს ძირითად თემებს წარმოადგენს «ვირუსის ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის ტოტალური უარყოფა», დუმილის იძულება ან იმ მეცნიერებისა და ექიმების «გაუჩინარება”, რომლებიც ამ თემაზე აზრს აფიქსირებდნენ, გენომური კვლევების ლაბორატორიებში ვირუსის არსებობის მტკიცებულებებისა და “სველ ბაზარზე” ბიოლოგიური კვალის განადგურება», ასევე ვაქცინის შექმნაზე მომუშავე მეცნიერთა თანამეგობრობისთვის ვირუსის ცოცხალი ნიმუშების მიწოდებაზე უარის თქმა; უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის საკვანძო პირები, რომლებიც ფიგურირებენ სამთავრობო დოსიეში, ან მუშაობდნენ ავსტრალიის ცხოველთა ჯანმრთელობის ლაბორატორიაში (CSIRO), სადაც CSIRO-სა და ჩინეთის მეცნიერების აკადემიას შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში ატარებდნენ ფუნდამენტურ კვლევებს ცოცხალ ღამურებში მომაკვდინებელი პათოგენების, მათ შორის SARS-ის მიმართულებით.
უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ვებ-გვერდის თანახმად, ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება, მიუხედავად ეჭვისა, რომ მსგავსი კვლევები მეტისმეტად მაღალ რისკებს შეიცავს. მორისონის მთავრობის წევრები საუბრობენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამ კონტაქტებში ბიოუსაფრთხოების პრობლემებით შეშფოთებაზე, ვინაიდან ღამურების ვირუსების საეჭვო კვლევები “ხუთი თვალის” სადაზვერვო თანამეგობრობის გამოძიების ცენტრში მოექცა.
ღამურების სარისკო კვლევები
უჰანში, ჩინურ პროვინცია ჰუბეიში, უჰანის აწ უკვე ცნობილი ბაზრის სიახლოვეს დოქტორი ში და მისი ჯგუფი ბიოლოგიური შეკავების მესამე და მეოთხე დონის ლაბორატორიებში საგანგებო დაცვის კოსტიუმებში მუშაობენ. ისინი ღამურებისგან მიღებულ მომაკვდინებელ კორონავირუსებს იკვლევენ.
დოქტორ შის ლაბორატორიაში არსებული ვირუსის 50 სახეობიდან სულ მცირე, ერთი 96%-ით შეესაბამება გენომ SARS-CoV-2-ს. როგორც დოქტორი ში ამბობს, როდესაც მან ატიპური პნევმონიის გამომწვევი ახალი ვირუსის გაჩენის შესახებ სიახლე მოისმინა, არაერთი უძილო ღამე გაატარა იმაზე ფიქრში, ხომ არ იქცა სწორედ მისი ლაბორატორია ეპიდემიის დაწყების მიზეზად. თუმცა მოგვიანებით მან განუცხადა ჟურნალ “Scientific American”-ს, რომ SARS-CoV-2-ის გენეტიკური თანმიმდევრობა არ შეესაბამება არც ერთ იმათგანს, რომელსაც მისი ლაბორატორია იკვლევს.
მიუხედავად ამისა, ჩინეთის ხელისუფლების მიერ ინფორმაციის დამალვის, სიცრუის მასშტაბებისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, საერთაშორისო სადაზვერვო თანამეგობრობა ამჟამად ამ ლაბორატორიის საქმიაობას დეტალურად სწავლობს.
ავსტრალიის მთავრობის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსი, მაღალი ალბათობით, უჰანის ზღვის პროდუქტების “სველ ბაზარზე” წარმოიშვა, მაგრამ არსებობს დაბალი – 5%-იანი ალბათობა იმისა, რომ მან ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონა.
გასული კვირის მონაცემების თანახმად, აშშ-ის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ ვირუსი სწორედ ლაბორატორიიდან “გაექცათ”, თუმცა შესაძლოა, “სველ ბაზრებზეც” გაჩენილიყო, სადაც გარეულ ცხოველებს ხოცავენ და ყიდიან და საიდანაც უკვე არაერთხელ გავრცელებულა სხვა დაავადებები, H5N1-ისა და SARS-ის ჩათვლით.
მომაკვდინებელი ვირუსების სულ უფრო დიდი რაოდენობის შექმნა
დასავლური მთავრობების სადაზვერვო დოსიე ამას ადასტურებს. მასში მოყვანილია სამუშაო, რომელიც 2013 წელს მკვლევარების ჯგუფმა, მათ შორის დოქტორმა შიმ ჩაატარეს: მაშინ შეგროვდა ღამურების ფეკალიების ნიმუშები პროვინცია იუნნანის ერთ-ერთ გამოქვაბულში, სადაც მოგვიანებით COVID-19-ის დაავადების გამომწვევი ვირუსის – SARS-CoV-2-ის 96,2%-ით იდენტური ვირუსი აღმოაჩინეს.
დოსიეში მოყვანილია ასევე იმავე ჯგუფის მუშაობა SARS-ის მსგავსი ვირუსების სინთეზის მიმართულებით იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა, კორონავირუსები ღამურებიდან სხვა ძუძუმწოვრებს გადაეცეს. ეს ნიშნავს, რომ მათ ვირუსის ნაწილების გენური მოდიფიცირება განახორციელეს იმის შესამოწმებლად, გადაეცემა თუ არა იგი ცოცხალი არსებების სხვადასხვა სახეობებს.
ეს კვლევა, რომელიც 2015 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტთან ერთობლივად გამოქვეყნდა, მივიდა დასკვნამდე, რომ SARS-ის მსგავსი ვირუსი შეიძლება, პირდაპირ გადაეცეს ღამურებიდან ადამიანს განკურნების შესაძლებლობის გარეშე.
სტატია ამ სამუშაოს განუზომელ საფრთხეს ადასტურებს. «მომავალი ეპიდემიებისთვის მომზადებისა და მათი შედეგების შერბილების პოტენციალი თანაფარდობაში უნდა იყოს უფრო საშიში პათოგენების შექმნის რისკთან», – აღნიშნავენ ავტორები. ამ მოსაზრების არსის გასაგებად მეცნიერი უნდა იყო, თუმცა ქვემოთ მოყვანილია ამონარიდი სტატიიდან, რომელსაც სამთავრობო დოსიე ეყრდნობა.
«ღამურებში არსებული CoV კორონავირუსების გავრცელების პოტენციალის (ანუ ადამიანის ინფიცირების შესძლებლობის) გამოსაკვლევად ჩვენ შევქმენით ქიმერული ვირუსი, რომელიც ახდენს ახალი ზოონოზური ცილის კოდირებას ჩინური ღამურებისგან მიღებული გენომის - RsSCO14-CoV-ის თანმიმდევრობიდან ღამურების ადაპტირებული SARS-CoV-ის შემადგენლობაში», – ნათქვამია სტატიაში.
დოქტორ შისთან ერთად სტატიის ერთ-ერთმა თანაავტორმა, პროფესორმა რალფ ბარიკმა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან მაშინ განუცხადა “Science Daily”-ს: «ეს ვირუსი იმდენად მაღალპათოგენურია, რომ 2002 წელს საწყის ვირუს SARS-ის სამკურნალოდ შემუშავებული მეთოდები და წამალი Zmapp, რომელიც ებოლას ცხელების წინააღმდეგ გამოიყენება, ამ კონკრეტული ვირუსის კონტროლისა და ნეიტრალიზებისთვის სრულიად უძლურია».
რამდენიმე წელიწადში, 2019 წლის მარტში დოქტორმა შიმ და მისმა გუნდმა, მათ შორის პენ ჩჟოუმ ავსტრალიაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილებით, ჟურნალ “ვირუსებში” გამოაქვეყნეს მიმოხილვა სახელწოდებით «ღამურების კორონავირუსები ჩინეთში», რომლის თანახმად, ავტორები ცდილობენ, «იწინასწარმეტყველონ ვირუსის “ცხელი წერტილები” და მათი პოტენციალი სახეობათაშორისი გადაცემისთვის», აღწერენ რა ამას, როგორც «ჩინეთში ღამურების კორონავირუსების შესწავლის გადაუდებელ აუცილებლობას მათ მიერ მორიგი პანდემიის გამოწვევის შესაძლებლობის დასადგენად». მიმოხილვაში ნათქვამი იყო: «დიდი ალბათობით, SARS-ის ან MERS-ის კორონავირუსების მომავალი აფეთქებები სწორედ ღამურებისგან წამოვა და არსებობს მომეტებული ალბათობა იმისა, რომ ეს ჩინეთში მოხდება». მიმოხილვაში მითითებული იყო ასევე, ცილების კონკრეტულად რომელი სახეობები იყო “მნიშვნელოვანი “სახეობათაშორისი გადაცემისთვის».
დაზვერვა არკვევს, შესაძლებელია თუ არა, მისი ლაბორატორია იყოს პასუხისმგებელი ეპიდემიაზე. თუმცა დოქტორი ში არ აჩერებს კლევებს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პანდემიის აღსაკვეთად ახლა იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. იგი გეგმავს, სათავეში ჩაუდგეს ვირუსების სისტემური შერჩევის ეროვნულ პროექტს ღამურების გამოქვაბულებში, სადაც, სპეციალისტების შეფასებით, არსებობს კორონავირუსების 5000-ზე მეტი შტამი, რომელიც «მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ღამურებში აღმოჩენას მოელის».
«კორონავირუსები, რომელიც ღამურებს გადააქვთ, ახალი აფეთქებების მიზეზი გახდება. ჩვენ უნდა მივაგნოთ მათ მანამ, სანამ ისინი გვიპოვიან», – განუცხადა მან “Scientific American-ს.
ავსტრალიის მონაწილეობა
დოქტორი ში სამი თვის განმავლობაში – 2006 წლის 22 თებერვლიდან 21 მაისის ჩათვლით მიწვეული მეცნიერის სტატუსით მუშაობდა ავსტრალიის ცოტა ხნის წინ სახელგადარქმეულ სტრუქტურაში – ცხოველთა ჯანდაცვის ლაბორატორიაში (CSIRO). კონკრეტულად რა სახის სამუშაოს აწარმოებდა იგი ამ დროს - CSIRO არ აკონკრეტებს, აი, უჰანის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ბიოგრაფიულ მონაცემებში კი მითითებულია, რომ დოქტორი ში იმხანად SARS-ის ვირუსთან მუშაობდა. «ვირუს SARS-ის ანტისხეულები და გენები ტესტირებულ იქნა უჰანის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ავსტრალიის ქალაქ ჯილონგის ცხოველთა ჯანდაცვის კვლევით ლაბორატორიაში», – ნათქვამია მასალაში. The Saturday Telegraph-ი აქვეყნებს ორ ფოტოს, რომელიც 2006 წელს მეცნიერის CSIRO-ს ლაბორატორიებში, მათ შორის საფრთხის მეოთხე დონის ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდს ასახავს.
დოქტორ შის პროტეჟე, პენ ჩჟოუ ამჟამად უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ღამურების ვირუსული ინფექციებისა და იმუნიტეტის კვლევით პროექტს ხელმძღვანელობს. 2011-2014 წ.წ. მან სამი წელი გაატარა ავსტრალიის ცხოველთა ჯანმრთელობის ბიოდაცულ კვლევით ლაბორატორიაში, 2009-2010 წლებში კი ჩუნეთმა იგი დისერტაციაზე მუშაობის დასასრულებლად ავსტრალიურ CSIRO-ში მიავლინა.
იმ პერიოდში დოქტორმა ჩჟოუმ ორგანიზება გაუწია ცოცხალი ღამურების ჰაერით გადაყვანას ქვინსლენდიდან ვიქტორიის ლაბორატორიაში, სადაც მათ შემდგომი გაკვეთისა და მომაკვდინებელი ვირუსების არსებობის კვლევის მიზნით ევთანაზია უტარდებოდათ.
დოქტორი ლინფა ვანი, რომელიც 2005-2011 წლებში უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი გახლდათ, ასევე მუშაობდა CSIRO-ს ოფისში 2008-2011 წლებში.
ფედერალურმა სენატორმა ლიბერალური პარტიიდან სარა ჰენდერსონმა განაცხადა, რომ “ძალზე შეშფოთებულია”, რომ ჩინელი მეცნიერები ღამურების ვირუსების კვლევას ვიქტორიის შტატში, ჯილონგში, CSIRO-ში ატარებენ, ჩინეთისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. «უცხოეთის მოქალაქეების მონაწილეობით ნებისმიერი კვლევითი პროექტების მიმართ მაღალი სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან მათ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ან ბიოუსაფრთხოება», – აღნიშნა მან.
იმ ფონზე, როცა აშშ-მა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფინანსება სრულად შეწყვიტა, CSIRO არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა იგი ამ ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მისი წარმომადგენლები მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლებიან, რომ “CSIRO სათანადო სიფრთხილეს იჩენს და ბიოუსაფრთხოების მიმართ ძალზე სერიოზულადაა განწყობილი».
იმსახურებს თუ არა ეს კვლევა მსგავს რისკებს?
2014 წლის ოქტომბერში აშშ-მა შეწყვიტა იმ სადავო ექსპერიმენტების დაფინანსება, რომლებიც პათოგენებს უფრო საშიშად აქცევდა, შეშინდა რა, რომ ამას შეიძლებოდა, გლობალური პანდემია გამოეწვია. მოგვიანებით, 2017 წლის დეკემბერში “ფუნქციის გაძლიერების” 21 კვლევის დაფინანსებაში ეს პაუზა გაუქმდა.
CSIRO კი უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობასა და კვლევების დაფინანსებას აგრძელებდა. მან უარი განაცხადა, ეპასუხა “The Saturday Telegraph”-ის კითხვისთვის, რა თანხაა დახარჯული ამ თანამშრომლობაზე. უჰანის ინსტიტუტი სხვადასხვა დოკუმენტაციაში დღემდე უთითებს CSIRO-ს პარტნიორად, მაშინ, როცა აშშ-მა კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებისთანავე მასთან კავშირი გაწყვიტა.
ამჟამად სამეცნიერო თანამეგორბობაში მიმდინარეობს ცხარე დისკუსია იმაზე, ღირს თუ არა ამ ვირუსებზე მუშაობა პანდემიების პროგნოზირებისა და პრევენციისთვის, თუ ვირუსის გაჟონვას ასევე შეუძლია მსგავსი ეპიდემიის გამოწვევა.
გარდა ამისა, გაჩნდა სერიოზული შეშფოთება უჰანის ინსტიტუტში მომაკვდინებელ ვირუსებთან მუშაობისას უსაფრთხოების ადეკვატური ზომების დაუცველობასთან დაკავშირებით. ამაზე, მათ შორის, 2018 წლის 19 იანვარს “The Washington Post”-ის მიერ მიღებული “მგრძნობიარე, მაგრამ არასაიდუმლო” დეპეშა მიუთითებს: პეკინში აშშ-ის საელჩოში მომუშავე დიპლომატებმა და მეცნიერებმა, რომლებმაც უჰანის ლაბორატორია მოინახულეს, ვაშინგტონში გაგზავნეს გაფრთხილებები უსაფრთხოების ადეკვატური ზომების არარსებობასა და მართვის სუსტ მხარეებზე, მაშინ, როცა ეს ინსტიტუტი ღამურებში კორონავირუსებს იკვლევდა. «ლაბორატორიაში სათანადოდ მომზადებული ტექნიკური სპეციალისტებისა და მკვლევარების სერიოზული ნაკლებობაა, ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იზოლაციის მაღალი დონის მქონე ლაბორატორიის უსაფრთხო ექსპლუატაციას», – ნათქვამი იყო წერილში.
ნაკლებ სავარაუდო მტკიცება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა
სამეცნიერო კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსი “სველ ბაზარზე” წარმოიშვა. თუმცა აშშ-ის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რამდენიმე დღის წინ პირველად დაადასტურა, რომ აშშ-ის სადაზვერვო კომიტეტი იძიებს, გაჩნდა თუ არა კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში ავარიის შედეგად.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რიჩარდ გრენელმა განაცხადა, რომ ვირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა. «მთელი სადაზვერვო თანამეგობრობა მუდმივად უწევს კრიტიკულ დახმარებას აშშ-ის ხელისუფლებას და მათ, ვინც ჩინეთში წარმოშობილ კორონავირუსზე რეაგირებს», – აღნიშნა მან. - «სადაზვერვო თანამეგობრობა ასევე ეთანხმება ფართო სამეცნიერო კონსენსუსს, რომ კორონავირუსი ადამიანს არ შეუქმნია და არ ყოფილა გენეტიკურად მოდიფიცირებული. ისევე, როგორც ყველა სხვა კრიზისში, თანამეგობრობის ექსპერტები ამაზე რეაგირებენ რესურსების ზრდითა და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებით საკითხებში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. სადაზვერვო თანამეგობრობა გააგრძელებს შემომავალი ინფორმაციისა და მონაცემების სკურპულოზურ გადამოწმებას იმის დასადგენად, დაიწყო თუ არა ვირუსის გავრცელება ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად, თუ ეს უჰანის ლაბორატორაში უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა».
ბ-ნი გრენელის განცხადებისა და ზემოთხსენებული სამეცნიერო კონსენსუსის მიუხედავად, “The Telegraph”-ის მიერ მიღებულ სამთავრობო დოსიეში ნახსენებია ნაშრომი, რომელიც გენომის თანმიმდევრობის კვლევის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ვირუსი სწორედაც რომ შეიქმნა. 6 თებერვალს სამხრეთ ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია დასკვნით, რომ «მკვლელი” კორონავირუსი სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიაში წარმოიშვა” და “შესაძლოა, საჭირო გახდეს უსაფრთხოების დონის გაზრდა მაღალი რისკის მქონე ბიოლოგიურ ლაბორატორიებში». «სტატია მალევე გაიწვიეს, ვინაიდან, როგორც ავტორმა ბოტაო კსიანომ განმარტა, იგი პირდაპირი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული», – აღნიშნულია დოსიეში, თუმცა იქვე ზუსტდება, რომ «არც ერთმა მეცნიერმა არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო სტატიის დასკვნა”.
ამასთან, “The Sunday Telegraph” არ ამტკიცებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევა ნდობას იმსახურებს მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ იგი სამთავრობო დოსიეში მოხვდა.
ჩინეთი საწყის ნიმუშებს მალავს
“The Saturday Telegraph”-ის მიერ მოპოვებულ დოსიეში საუბარია «მტკიცებულებების ჩახშობასა და განადგურებაზე», «გენეტიკურ ლაბორატორიებში ვირუსების ნიმუშების განადგურების ბრძანებაზე”, “სველ ბაზრებში დანადგარების დეზინფიცირებაზე”, “გენომის თანმიმდევრობის დამალვაზე”, “გამოსწორებისთვის” შანხაის ლაბორატორიის დახურვაზე, სამეცნიერო სტატიებზე ცენზურის დაწესებაზე, უსიმპტომო “მდუმარე მატარებლების” შესახებ მონაცემების გასაიდუმლოებაზე.
დოსიე მოგვითხრობს, როგორ მალავდა ჩინეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ინფორმაციას კორონავირუსის თაობაზე, როგორ ადუმებდა ექიმებს, ანადგურებდა მტკიცებულებებს უჰანის ლაბორატორიიდან და უარს აცხადებდა, ვაქცინაზე მომუშავე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ვირუსის ცოცხალი ნიმუშები მიეწოდებინა.
აშშ-მა და მთელმა რიგმა სხვა ქვეყნებმა არაერთხელ გამოითხოვეს ცოცხალი ვირუსის ნიმუში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების თავდაპირველი პარტიიდან. არსებობს იმის აღქმა, რომ ეს არ მოხდა, მიუხედავად ამ ინფორმაციის სასიცოცხლო მნიშვნელობისა როგორც ვაქცინის გამოგონების, ისე ვირუსის წარმომავლობის პოტენციური დადგენისთვის.
გაუჩინარებული ლაბორანტი
ყველა იმ ექიმის, აქტივისტის, ჟურნალისტის თუ მეცნიერის შემთხვევებს შორის, რომლებიც კორონავირუსის შესახებ საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირების ან ჩინეთის ხელისუფლების მოქმედების კრიტიკის შემდეგ გაუჩინარდნენ, ყველაზე დამაინტრიგებელი და შემაშფოთებელი ხუან იან ლინის ისტორიაა.
გაზეთმა “South China Morning Post” გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩინურ სოცქსელებში ვრცელდება ხმები, რომ ამ დაავადების დიაგნოზი პირველს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარ ქალს დაუსვეს და სწორედ ის გახდა “ნულოვანი პაციენტი”. შემდეგ გაჩნდა ცნობები მისი გაუჩინარების შესახებ, მისი ბიოგრაფია და ფოტო კი ინსტიტუტის ვებ-გვერდიდან გაქრა.
16 თებერვალს ინსტიტუტი უარყოფდა, რომ ქალი “ნულოვანი პაციენტი” იყო და აცხადებდა, რომ იგი ცოცხალი იყო და ჯანმრთელი. თუმცა მას შემდეგ იგი არავის უნახავს და არც რაიმე მტკიცებულება გამოქვეყნებულა იმისა, რომ იგი ცოცხალია.
მტკიცებულებების განადგურება
31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ საძიებო სისტემებში ვირუსის შესახებ სიახლეებზე ცენზურა დააწესა, წაშალა რა ცნობებიდან ისეთი ტერმინები, როგორიცაა «ატიპური პნევმონიის ვარიანტი», «უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი» და «უჰანის დაუდგენელი პნევმონია».
1 იანვარს, ვირუსის წარმომავლობის ყოველგვარი ძიების გარეშე უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი დახურეს და იქ დეზინფექცია ჩაატარეს.
“ნიუ-იორკ თაიმსი” იუწყებოდა, რომ ცალკეული ცხოველები და მათი უჯრედები არ იყო ტესტირებული ნაცხის აღების მეშვეობით, «რის გამოც განადგურდა ყოველგვარი მტკიცებულებები იმისა, რომელი ცხოველი შეიძლებოდა, ყოფილიყო კორონავირუსის წყარო და როგორი ადამიანები დაავადდნენ, თუმცა გადარჩნენ». ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ უბრძანა გენომური კვლევებით დაკავებულ კომპანიებს, ახალ ვირუსზე ტესტირებები შეეწყვიტათ და ყველა ნიმუში გაენადგურებინათ.
ერთ დღეში, 3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის მთავარმა ორგანომ – ეროვნულმა კომისიამ გასცა ბრძანება, უჰანის პნევმონიის გამომწვევი ვირუსი მის მიერ განსაზღვრული დაწესებულებებისთვის გადაეცათ ან გაენადგურებინათ და ამავდროულად დაუდგენელი დაავადებების თემაზე სტატიების გამოქვეყნება აკრძალა.
ექიმები, რომლებმაც ახალი ვირუსის შესახებ საჯაროდ განაცხადეს, დააკავეს და გაასამართლეს. მათი დაპატიმრების შესახებ ცნობები ჩინურ სახელმწიფო მედიაში უჰანის პოლიციის მოწოდებასთან ერთად გავრცელდა: «მოქალაქეებმა არ უნდა გამოიგონონ ჭორები, არ უნდა გაავრცელონ ჭორები და არ უნდა დაუჯერონ ჭორებს».
“გლობალ თაიმსის” 2 იანვრის ცნობაში ნათქვამია: «ცენტრალურ ჩინეთში, უჰანში პოლიციამ დააპატიმრა 8 ადამიანი, რომელიც ავრცელებდა ჭორებს ამოუცნობი პნევმონიის გავრცელების შესახებ. წინა ცნობები მეტყველებდა იმაზე, რომ ეს იყო ატიპური პნევმონია». ეს ინფორმაცია სხვა ექიმების დასადუმებლად გავრცელდა. ამგვარად, ეპიდემიის შესახებ სიმართლე ჩინეთში საიდუმლოდ რჩება, პრეზიდენტი სი ცზინპინი კი გამოძიებისკენ გლობალურ მოწოდებებს ამ დრომდე ჯიუტად უკუაგდებს.
დოსიე ანადგურებს ეპიდემიის შესახებ ჩინეთის გამუდმებულ უარყოფას.«დეკემბრის დასაწყისიდან ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულებების მიუხედავად, ჩინეთის ხელისუფლება ამ ფაქტს 20 იანვრამდე უარყოფდა», – ნათქვამია დოკუმენტში.ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ მსოფოიო ჯანდაცვის ორგანიზაცია “იგივეს აკეთებდა და მიუხედავად ამისა, ტაივანის ხელისუფლებამ შეშფოთება ჯერ კიდევ 31 დეკემბერს გამოთქვა, ჰონკონგელმა ექსპერტებმა კი - 4 იანვარს».
დოკუმენტი ამხელს ჩინეთის ორპირობას ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე შეზღუდვების შემოღების მიმართულებით იმავდროულად ავსტრალიისა და აშშ-ის მიმართ ბრალდებების წაყენების ფონზე. მასში ნათქვამია: «ეპიდემიის დაწყებიდან იმ მომენტამდე, როცა 23 იანვარს პეკინმა ეს ქალაქი ჩაკეტა, უჰანი მილიონობით ადამიანმა დატოვა»; «ათასობით ადამიანი გავიდა უცხოეთში. მთელი თებერვლის განმავლობაში პეკინი ზეწოლას ახორციელებდა აშშ-ზე, იტალიაზე, ინდოეთზე, ავსტრალიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ მეზობლებზე და სხვა ქვეყნებზე, რათა მათ საკუთარი დაცვა არ დაეყენებინათ გადაადგილების შეზღუდვის სახით, იმის მიუხედავადაც კი, რომ თავად ჩინეთის შიგნით პეკინმა გადაადგილება შეზღუდა». დოსიეში დასავლეთის მთავრობები იყენებენ შეფასებას «შეტევა საერთაშორისო გამჭვირვალეობაზე».
«როდეაც ევროკავშირის დიპლომატები პანდემიის შესახებ მოხსენებას ამზადებდნენ, ჩინეთმა ბრიუსელზე წარმატებული ზეწოლა განახორციელა, რათა მას ევროპული მოხსენებიდან ამოეშალა ჩინეთის მხრიდან სადეზინფორმაციო კამპანიის ყველა მოხსენიება», – მათქვამია დოსიეში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ «ვინაიდან ავსტრალია პანდემიის გარემოებების დამოუკიდებელი გამოძიებებისკენ მოწოდებებით გამოდის, ჩინეთი მასთან ვაჭრობის შეწყვეტით იმუქრება და ასევე მძაფრი იყო მისი რეაქცია გამჭვირვალეობისკენ აშშ-ის მოწოდებებზე».
ავსტრალიის პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ენდრიუ ჰასტიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული მიჩქმალვისა და დეზინფორმაციის კამპანიის წარმოების შედეგად მსოფლიოს გამჭვირვალეობა და გამოძიება ესაჭიროება. «მეტისმეტად ბევრი ავსტრალიელი დაზარალდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ ეპიდემიის მართვის უვარგისი პოლიტიკის შედეგად. თუ მართლოც იმდენად ახლონი ვართ ერთმანეთისთვის, როგორც პეკინი გვარწმუნებს, მაშინ გვჭირდება პასუხი კითხვაზე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი», – აღნიშნა მან.
კორონავირუსის ეპიდემიის მისაჩქმალად წარმოებული კამპანიის ძირითადი თარიღები:
2015 წლის 9 ნოემბერი: უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, ლაბორატორიაში შეიქმნა ახალი ვირუსი SARS-CoV;
2019 წლის 6 დეკემბერი: 5 დღეში მას შემდეგ, რაც უჰანის ბაზართან კავშირში მყოფ ადამიანს პნევმონიისთვის დამახასიათებელის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა, დაავადდა მისი ცოლიც, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა;
27 დეკემბერი: ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიებმა განაცხადეს, რომ ახალი დაავადება, რომელიც იმ დროისთვის 180 მოქალაქეს ჰქონდა დიაგნოსტირებული, გამოწვეულა ახალი კორონავირუსით;
26-30 დეკემბერი: ახალი ვირუსის არსებობის მტკიცებულებები აღმოჩენილია უჰანელი პაციენტების მონაცემებში;
31 დეკემბერს ჩინეთის ინტერნეტ-ხელისუფლებამ სოცქსელებში ცენზურა დააწესა ისეთი ტერმინების შემცველ ამბებზე, როგორიცაა “უჰანის უცნობი პნევმონია”;
2020 წლის 1 იანვარი: 8 უჰანელი ექიმი, რომელმაც ახალი ვირუსის გაჩენის შესახებ განაცხადა, დაპატიმრებულია და გასამართლებული;
3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანო გამოსცემს ბრძანებას ახალი ტიპის კორონავირუსისა და ეპიდემიის შესახებ პუბლიკაციების აკრძალვის თაობაზე;
5 იანვარს უჰანის ჯანდაცვის მუნიციპალური კომისია წყვეტს ყოველდღიური პრეს-რელიზების გამოშვებას დაავადების ახალი შემთხვევების თაობაზე. ეს პაუზა 18 იანვრამდე გრძელდება;
10 იანვარი: ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენელი ვან გუანფა აცხადებს, რომ ეპიდემია “კონტროლს ექვემდებარებ”, ინფიცირებულებს კი დაავადება “ძირითადად რბილ ფორმაში გადააქვთ”;
12 იანვარი: პროფესორ ჩჟან იუნჩჟენის შანჰაიში მდებარე ლაბორატორია ხელისუფლების მიერ “გამოსწორებისთვის” იხურება ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პირველად უზიარებს მსოფლიოს მონაცემებს კორონავირუს SARS-CoV-2-ის გენომის თანმიმდევრობის თაობაზე;
14 იანვარი: ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი მა სიაოვეი აფრთხილებს კოლეგებს, რომ ვირუსი შესაძლოა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსხვილ გამოწვევად გადაიქცეს;
24 იანვარი: პეკინის ოფიციალური პირები უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ტექსასის უნივერსიტეტისთვის ნიმუშების მიწოდებას უკრძალავენ;
6 თებერვალი: ინტერნეტ-კონტროლის ჩინური სამსახური სოცქსელების პლატფორმებზე კონტროლს ამკაცრებს;
9 თებერვალი: ქრება სამოქალაქო ჟურნალისტი და ადგილობრივი ბიზნესმენი ფან ბინი;
17 აპრილი: უჰანის ადმინისტრაციამ დიდი დაგვიანებით გაზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა 1290-ით.