
რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ტურიზმის სექტორს
07/05/2020 11:01:59 ეკონომიკა
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება ტურისტული სექტორი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. ეს შეღავათი ეხება ყველა მიმართულებას, რომელსაც ტურისტული სექტორი აერთიანებს.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, როგორც დღეს ითქვა:
- სასტუმროებს, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარამდე იყო, საბანკო სესხის პროცენტის 80%–ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
- სახელმწიფო დაასუბსიდირებს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ტურისტული ობიექტებისთვის.
- ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, სექტორს სახელმწიფო დაეხმარება უსაფრხო სტანდარტის დანერგვაში, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება შემუშავებული.
- სარესტორნო ბიზნესი ჩაერთვება საკრედიტო –საგარანტიო სქემაში: სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის დროს 30%–ში თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%–ის თანაუზრუნველყოფას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.
- ტურისტულ კომპანიებს სახელმწიფო საბანკო სესხის პროცენტს დაუსიბსიდირებს.
ამასთან, როგორც ეკონომიკის მინიტრმა განაცხადა, მუშავდება სპეციფიური პროგრამა გიდებისთვის, რომელიც მიმართული იქნება მათი იდენთიფიკაციის – რეგისტრაციის და შრომის ხარისხის მაღალი სტანდარტის დანერგვისკენ.
„დავეხმარებით და ხელს შევუწყოთ გიდების დასაქმების პროგრამას. ეს პროგრამა მათ ალტერნატიულ შესაძლებლობებს შესთავაზებს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ჯერ კიდევ ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში იქნება. მივცემთ შესაძლებლობას, იქონიონ უფასო ვიზიტები მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე, მსგავს ობიექტებში და ეს ობიექტები ყველაზე სწრაფად ამოქმედდება“,– აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, მთლიანობაში ტურიზმისვის ანტიკრიზისული გეგმა მოითხოვს 200–ლარიან ბიუჯეტს, რომელიც უკვე გამოყოფილია.
„ყველაზე მეტად წონადი ამ ბიუჯეტში საგადასახადო შეღავათებია, რომელიც ჯამში 135 მილიონ ლარს იწონის. 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის. ვვარაუდობთ, რომ სულ მცირე, 3000 კომპანია ისარგებლებს ამ დახმარებით. ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი 5 მილიონი ლარია“.
ტურიზმის ამოქმედების გეგმა
„საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი ამიჯი – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“,– აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, შეიქმება სპეციალურ მწვანე ტერიტორიები, სადაც პრივატულობის, დისტანციის დაცვით შეძლებენ ტურისტები განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სერვისების მიღებას პოსტკორონასეულ პერიოდში.
როგორც თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფო მუშაობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, რის შიგნითაც იმოძრავებენ ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან.
მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანიებთან იმ მიმართულებებზე, სადაც უახლოეს პერიოდში აღდგება ოპერირება.
„ჩვენი მთელი მარკეტინგული სტრატეგია გადაეწყობა ახალი იმიჯის გასამყარებლად „საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“,– აღნიშნა თურნავამ.
როგორც დაანონსდა, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად 1 ივლისს იქნება.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი 1 საათამდე უნდა შემცირდეს.
„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი. თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი კარანტინი, 24-საათიანი კარანტინი, 1 საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.