
«საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი» საერთაშორისო დახმარებისადმი სოხუმისა და ცხინვალის განსხვავებულ მიდგომებზე მიუთითებს
07/05/2020 12:43:04 კონფლიქტები
«საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა» (International Crisis Group) კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული “გამოყოფილი ტერიტორიების” მდგომარეობის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტი დონბასში, დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას აღწერს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, “ომმა და იზოლაციამ ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის კოროზია და სხვა პრობლემები გამოიწვია, ამდენად საჭიროა, საერთაშორისო მონაწილეებმა ადგილობრივ და რეგიონულ ლიდერებთან იმუშავონ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად”.
ამასთან, «საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი» საერთაშორისო დახმარებისადმი სოხუმისა და ცხინვალის განსხვავებულ მიდგომებზე მიუთითებს.
«სამხრეთ ოსეთი თავს არიდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებსაც კონტაქტი აქვთ საქართველოს მთავრობასთან. ამის გამო დე ფაქტო ხელისუფლება თვლის, რომ მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ძირს უთხრის მის ძალისხმევას რეგიონის დამოუკიდებელი სტატუსის საერთაშორისო აღიარების თაობაზე. აფხაზეთს კი სხვა მიდგომა აქვს: იგი დამოუკიდებლობაზე საკუთარ პრეტენზიას საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხისგან მიჯნავს. აფხაზეთი ადრეც წარმატებით თანამშრომლობდა მსგავს ჯგუფებთან და ბოლო თვეებში საერთაშორისო დახმარებაც მიიზიდა», - ნათქვამია მოხსენებაში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ “სამხრეთ ოსეთი უფრო მაღალი რისკის წინაშეა, ვიდრე სხვა თვითაღიარებული რესპუბლიკები, ვინაიდან ხანდაზმულები მოსახლეობის 17%-ს შეადგენენ, საავადმყოფოები კი ძალზე ცუდადაა აღჭურვილი”.
ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, სადღეისოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა აღრიცხული, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, მესამე კი – 1925 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა. რაც შეეხება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს, დღეს იქ კოვიდ-ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. პირველი 3 შემთხვევის შესახებ ოფიციალური განცხადება მხოლოდ გუშინ – 6 მაისს გაკეთდა. ამ სამიდან ორი არასრულწლოვანია. 11-ვე ინფიცირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან არის ჩასული.