
კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების სწრაფად შესრულებისკენ მოუწოდებს
08/05/2020 06:03:54 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიკუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სწრაფად შესრულებისკენ მოუწოდებს.
იგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ "ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".
„თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ საგანგებო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც მიმდინარე პანდემიამ წარმოშვა, შეთანხმების სასწრაფოდ აღსრულება, უმნიშვნელოვანესია. ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ აშკარა დასტური, რომ პროგრესი განხორციელებულია და უზრუნველყოფილია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“,- წერს კუბილიუსი.