ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა

09-05-2020 08:47:26 თავდაცვა

დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა. დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე თბილისში, ტრადიციულად, "ვაკის პარკში" აღინიშნება, სადაც როგორც ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ.

თუმცა წელს ქვეყანაში პანდემიის გამო, შეზღუდვებია დაწესებული.

შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

"ვაკის პარკში" შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 000 ქართველი შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები