პრეზიდენტმა, პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს

09-05-2020 10:10:42 თავდაცვა ,საშინაო პოლიტიკა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ვაკის პარკში" უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

სალომე ზურაბიშვილმა 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს მიულოცა:

„დღევანდელი დღე – 9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წელი კი – ევროპული ოჯახის – ევროკავშირის იდეის დაბადებიდან. პირველ რიგში, მინდა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო ეს თარიღი, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ და ვუსურვო დღეგრძელობა და მხნეობა. სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს. ევროკავშირის იდეა იმ გამანადგურებელი ომის ფონზე წარმოიშვა. მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნები ერთად იღვწიან ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. საქართველო კი, თავისი ღირებულებებით, ჭეშმარიტად ევროპული კულტურით, საკუთარი მიღწევებით ევროპული ოჯახისკენ დამაჯერებელ და შეუქცევად ნაბიჯებს დგამს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს, როცა მთელი მსოფლიო უდიდეს გამოწვევასთან ბრძოლაშია ჩართული, ევროკავშირი კვლავ ჩვენ გვერდითაა. მან უკვე გამოყო ფინანსური დახმარება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად. კრიზისმა კიდევ უფრო გააძლიერა ქართველი ხალხის მისწრაფება თავის ევროპულ ოჯახში სრულფასოვნად დაბრუნებისკენ. ამ დღეებში მე ვესაუბრე ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს; ხაზი გავუსვი, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან პოსტკრიზისული გეგმების დასახვაში სრულფასოვნად ვიყოთ ჩაბმული – იმიტომ, რომ ხვალინდელ მსოფლიოში გამოსავალი საკუთარ სივრცეში ჩაკეტვა კი არა, მოკავშირეებთან ურთიერთობის გაძლიერება იქნება, მეტი სოლიდარობა. საქართველოც და ევროკავშირიც მზად არიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდარობით კვლავ გავაძლიერებთ ერთმანეთს და კრიზისიდან ღირსეულად გამოვალთ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ "ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს კიდევ უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ დიდ გამარჯვებაში":

"75 წელი გავიდა იქიდან, როდესაც ამ პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო. პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცის დიდი, მაგრამ გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც დიდი ტრაგედიაა და მაინც დიდი წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს კიდევ უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ დიდ გამარჯვებაში. ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულბა უნდა იყოს“.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ ამ ომში წარმოდგენილი და უდიდესი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვების მისაღწევად ამიტომ, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად. განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით მინდა, მივესალმო და მივულოცო ეს დღე ჩვენს ვეტერანებს. მინდა, მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები