9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღე სტალინიდან პუტინამდე

09-05-2020 15:05:42 ანალიზი

დღეს 9 მაისია-ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელსაც 1945 წლიდან საბჭოთა კავშირი აღნიშნავდა. ეს თარიღი მილიონობით ადამიანში იწვევდა და იწვევს დიდი სიხარულის, შვების და აღფრთოვანების განცდას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფაშიზმზე გამარჯვება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. საქართველოსაც არა ერთი თავდადებული ცოცხალი თუ დაღუპული გმირი ჰყავს, რომლებმაც ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ პატივი არ სცე დღეს იმ ასაკოვან ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად უსასტიკესი რეჟიმის დამარცხება შეძლეს? დღეს ნამდვილად არ არის ამ მილიონობით ადამიანის როლის, თავდადების და გმირობის დაკნინების დრო და ეს დრო არც არასოდეს არ უნდა დადგეს.

თუმცა, არსებობს არა ერთი ის საკითხი, რომელიც მკაფიოდ და ხისტად მას მერე გამოჩნდა, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საბჭოთა პროპაგანდა გაქრა. სწორედ ამიტომ მიდის ბოლო წლებში მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა საერთო საკაცობრიო ზეიმისგან ამოვარდნილი მოვლენაა. ამით ხომ რეალურად ხდება იმის ხაზგასმა, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა და დანარჩენი მსოფლიო კვლავ სხვადასხვა სიბრტყეზე არიან, რადგან მესამე რეიხის წარმომადგენლებმა საბოლოო კაპიტულაციის შესახებ აქტს, 8 მაისს მოაწერეს ხელი. ამიტომაც, ევროპაში ამ დღეს მიიჩნევენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღედ. ასევე, მიდის მსჯელობა უამრავ იმ საკითხზე, რომელიც ამ სამამულო ომის თემას ეხება და ესეც ბუნებრივია, რადგან როდესაც არ არსებობს სასტიკი ცენზურა და ერთი სიტყვის თქმის გამო არ ხვრეტენ, ადამიანი სვამს კითხვებს, ეძებს ინფორმაციას, განიხილავს მოვლენებს.

ამას გარდა, საინტერსოა, რომ ბოლო წლებში რუსეთის ხელისუფლება უდიდეს ფსონს დებს ბელადის კულტის და სამამულო ომის მიმართ სენტიმენტების გაღვივებაზე. ეს აშკარაა იმ ინფორმაციული ნაკადიდან, რომელიც რუსეთის მედია რესურსებიდან და კრემლის პროპაგანდისტული მანქანიდან მომდინარეობს. განსაკუთრებით ეს დღეს იგრძნობა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო დაგეგმილი, უზარმაზარი მასშტაბების აღლუმის გამართვა. თუმცა, მოახდინა სოციალური მედიის ფრონტისკენ პიარ ძალების გადაჯგუფება -გახსნილია არაერთი ონლაინ მედია პროექტი, ზღვა დოკუმენტალისტიკის და გადაცემების მედია სივრცეში გამოგდება ხდება. უზარმაზარი ძალისხმევა იდება იმაში, რომ მთელ მსოფლიოს და საკუთარ მოსახლეობას კიდევ ერთხელ აჩვენონ რაოდენ დიდი როლი ჰქონდა ამ გამარჯვებაში რუსეთს. თუმცა, ისტორია ხომ არავის დავიწყებია? ვინმე ართმევს ამ წარმატებას საბჭოთა ჯარისკაცებს? ხომ არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ საბჭოთა ჯარების წვლილს, გმირობას, თავდადებას? ნამდვილად არა! მაგრამ, საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში, ვლადიმერ პუტინს, სამამულო ომის გამარჯვების თემაზე სპეკულაციით, სურს დაავიწყოს მსოფლიოსაც და საკუთარ მოქალაქეებსაც ის სხვა ომები, რომლებშიც რუსეთი იყო და არის აგრესორი, არის ოკუპანტი, ისევე როგორც იყო საბჭოთა კავშირიც რიგ შემთხვევაში; სურს დაავიწყოს ის წარუმატებელი სამხედრო აქციები, რომლებსაც რუსეთი დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს, რადგან რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას-„რისთვის? ამით ჩვენ რას ვიღებთ?“ მას სურს დაავიწყოს მსოფლიოს, რომ ჯერ კიდევ 1939 წლის 22 სექტემბერს, წითელმა არმიამ და ნაცისტურმა ჯარმა საერთო სამხედრო აღლუმი გამართეს ქალაქ ბრესტში, რაც პოლონეთის გაყოფის სიმბოლო გახდა.

იმ დღეს, ბრიგადის მეთაურმა კრივოშეინმა გენერალ გუდერიანს საზეიმოდ გადაულოცა ეს ქალაქი, რომლის ქუჩებზე ჯერ რუსულმა, შემდეგ კი გერმანულმა სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა. ასევე, მას სურს დაავიწყოს, როგორ დაიდო მოლოტოვ -რიბენტროპის 1939 წლის პაქტი, რომლის საიდუმლო ნაწილის მიხედვით, რუსებმა და გერმანელებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ერთი ხელის მოსმით გაიყვეს. და მაშინ, მსოფლიოს განმანთავისუფლებელ საბჭოეთს სულაც არ ადარდებდა ნაცისტურ ბანაკებში ამოხოცილი პოლონელები თუ ლატვიელები. შესაძლებელია ისიც, რომ სტალინის კულტის გაცოცხლება პუტინს საშუალებას აძლევს ხალხის თვალში დიდ ბელადს საკუთარი ფიგურა გაუტოლოს, ტირანიის აუცილებლობაც წამოწიოს წინ.

რატომ შეიძლება ამაზე მსჯელობა და რატომ არის ამ ვიღაცის გადმოსახედიდან აბსურდულ მოსაზრებებში ლოგიკა? იმიტომ, რომ საბჭოთა ბელადებიც ერთი შეხედვით აბსურდული მოტივებით და ისეთი მეთოდებით მოქმედებდნენ, რაც დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია. მათ ხომ ადამიანებს იმ ქვეყანაში არსებობა მიაჩვიეს, სადაც მეზობლის „დანოსის“ მიხედვით კაცს ერთ ღამეში ხვრეტდნენ; ადამიანები შეაგუეს იმას, რომ შვილს შეეძლო მამა დაესმინა და ეს საამაყო იყო; შეაგუეს ყველას მილიონობით ადამიანის გადასახლება იქ, სადაც ერთეულები გადარჩებოდნენ, მიჩქმალეს ის, რომ საბჭოთა კავშირში სინამდვილეში დაფასებული ადამიანი არ არსებობდა-რადგან ნებისმიერი შეიძლებოდა ტერორის მსხვერპლი გამხდარიყო, მისი გენიალურობის, დამსახურების მიუხედავად. ამის საილუსტრაციოდ იგივე მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედების მაგალითების მოყვანაც ღირს. მარშალი ჟუკოვი, რომელმაც საბჭოთა ჯარების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რომელიც ბერლინში ტრიუმფალურად შევიდა, ტროფეების უკანონო მითვისებაში და გიტლერის დამარცხებაში საკუთარი წვლილის გაბუქებაში დაადანაშაულეს; ომის დასრულებისთანავე, პოლიტბიუროს წევრებმა მას „ბონაპარტიზმი“ დააბრალეს და მისი დისკრედიტაციისთვის ყველაფერი გააკეთეს, რასაც თავად სტალინი ხელმძღვანელობდა.

ასევე, პირდაპირ ომის დასრულების შემდეგ, სტალინის მსმელი შვილის ვასილის ინიციატივით, „ავიატორების საქმე“ შეკერეს, რამაც საბჭოთა ავიაციის ხელმძღვანელების და გენერლების მყისიერი დაპატიმრება, შემდეგ კი წამებით მოპოვებული საქმის შეთხზვა გამოიწვია. ასევე, მაგალითია კიდევ ერთი დიდი სამხედრო ფიგურის, საკულტო მარშალ როკოსოვსკის საქმეც. მის წინააღმდეგ საქმე ცრუ დასმენის საფუძველზე ჯერ კიდევ 1937 წელს შეკერეს-პოლონეთის და იაპონიის დაზვერვასთან თანამშრომლობა დააბრალეს. „НКВД“-ეს ციხეში სამი წელი იჯდა და სასტიკ წამებას განიცდიდა. ის ციხის ეზოში გაყავდათ და დახვრეტის ინსცენირებასაც უწყობდნენ. და ასეთი ისტორიები რეალურად უთვალავია...

იმისთვის, რომ გავიაზროთ, რამხელა ცინიკური ფარსის საბურველში გახვიეს თავადვე საბჭოთა ლიდერებმა თავისი ხალხიც და ეს თარიღიც, გავიხსენოთ, რაოდენ აბსურდულია გეორგიევსკი ლენტის ფრიალი დღესაც და საბჭოთა კავშირის ეპოქაშიც. ეს ლენტი ხომ მეფის რუსეთის სამხედრო დიდების ერთ-ერთი სიმბოლო იყო. იმ რუსეთისა, რომლის უკანასკნელი იმპერატორიც ბოლშევიკებმა თავის ოჯახთან ერთად შეურაცხყვეს და დახვრიტეს. რამდენად ამაზრზენია რეალურად ამ ლენტით საკუთარი წითელი დიდების წარმოჩენა; რამდენად აბსურდული და ცინიკურია ახლა ჩეხეთისგან მარშალ კონევის ძეგლის დაცვის მოთხოვნა, რომელსაც პრაღაში აგერ უკვე მერამდენედ წითელ საღებავი შეასხეს, ერთი თვის წინ კი დემონტაჟი გაუკეთეს? სწორედ 9 მაისის მოახლოების პარალელურად, მოსკოვი ისტერიულად განიხილავს მეორე მსოფლიო ომში აღმოსავლეთ ევროპის განმანთავისუფლებელის, მარშალ კონევის ძეგლის თემას, იმ ძეგლისა, რომელიც პრაღელებს საოცრად აღიზიანებდა. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ კონევი იყო 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ ჩახშობის დროს საბჭოთა სამხედრო დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სწორედ კონევი მეთაურობდა 1956 წელს უნგრეთის აჯანყების ჩახშობას, რომლის დროსაც 4 ათასამდე უნგრელი დაიღუპა. დღეს კრემლი ისტერიულად ითხოვს მეორე მსოფლიო ომის გმირების პატივისცემას და დაფასებას, მაგრამ ამას არა ადამიანების, არამედ თავისი მმართველობის განმტკიცების ინტერესების გამო აკეთებს. თორემ, თუ ვინმე ვერ ხვდება რა ომში გაიმარჯვეს საბჭოთა, ევროპულმა და აშშ-ს ჯარებმა 1945 წელს, ეს მხოლოდ მისი პირადი პრობლემაა და კრემლის ნერვიულობის საქმე არ უნდა იყოს.

გოდერძი შერვაშიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები