Accentnews.ge
სახალხო დამცველის ანგარიში: "ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა"

სახალხო დამცველის ანგარიში: "ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა"

11/05/2020 14:43:39 სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გასულ წელს ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა. ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.

„აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერც ერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი.

ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“ ,-ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია სისტემური პრობლემები, რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა:

· ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობასა და მოვლას. ამასთან, სამედიცინო პერსონალი მუშაობისას ნაკლებად ხელმძღვანელობს ეროვნულ გაიდლაინებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოცემული მინიმალური რეკომენდაციებით;

· შემოწმებულ დაწესებულებებში არ ხდება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მონიტორინგი მკურნალობის პროცესში. საჭირო ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული, ისე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებისთვის. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირებისას ქალი დროულად არ მოწმდება შესაძლო ორსულობაზე. დაწესებულებებში ხანგრძლივი დროით მოთავსებულ ქალთათვის კი გინეკოლოგიური მომსახურება არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი;

· ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა). განსაკუთრებით პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობა;

· სამედიცინო პერსონალის, კერძოდ, ექიმი-ფსიქიატრებისა და გინეკოლოგების ცოდნა/ინფორმირებულობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენისა და მათი კორექციის გზების შესახებ, არადამაკმაყოფილებელია. ასევე, მკვეთრად დაბალია პაციენტების/ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. მათ არ აქვთ ინფორმაცია დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ, მათ შორის, წამლების ზეგავლენის შესახებ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე;

· სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული კონსულტანტი გინეკოლოგების კონსულტაცია მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და გასაუბრებით და ზედაპირული გასინჯვით შემოიფარგლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S