Accentnews.ge
დავითაშვილი: "პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის"

დავითაშვილი: "პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის"

12/05/2020 11:08:17 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა არ არის მოკლევადიანი პროექტი და მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი. ამ პროექტის ინიციატორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ეს პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.

პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S