
"საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება 42 000 ფერმერს სრულად ჩამოეწერება
12/05/2020 11:52:48 საშინაო პოლიტიკა, რეკლამა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა.
„აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად. ამასთანავე, 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც ერთ ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში ხუთ მილიონ ლარს შეადგენს. დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე. აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საფასური ერთ ჰექტარზე 75 ლარია, დასავლეთ საქართველოში – ერთ ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის – 40 ლარი. 10 ჰექტარზე მეტი სავარგულის შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე, სადაც იქნება გაწერილი რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) ესაჭიროება მომსახურება.