Accentnews.ge
რა ცვლილებები განხორციელდა "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტში და ვის შეუძლია აგროკრედიტით სარგებლობა

რა ცვლილებები განხორციელდა "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტში და ვის შეუძლია აგროკრედიტით სარგებლობა

12/05/2020 12:05:51 საშინაო პოლიტიკა, რეკლამა

"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტში ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დროს განაცხადა.

პროექტში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი - მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება. სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში - წლიური 17%-ის მოცულობით. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პირველად ახდენს პროცენტის სრულად თანადაფინანსებას. აღნიშნული მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, დაამუშაონ მიწები და ერთწლოვანი კულტურები მოიყვანონ. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო თანხა შეადგენს 4,500,000 ლარს. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა 5,000 პოტენციურ ბენეფიციარს აქვს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი.

არსებული წლიური 8%-ის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4,000,000 ლარი (2 წლის განმავლობაში).

პროექტს კომპონენტად ემატება, მეორადიუზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.

კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20,000,000 ლარი. 500,000 ლარის ბიუჯეტის ოდენობით ანაზღაურდება მეორადი უზრუნველყოფის ფარგლებში.

ვის შეუძლია „შეღავათიანი აგროკრედიტით” სარგებლობა

„შეღავათიანი აგროკრედიტით” სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის” მიღების სურვილით პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილით, მიმართოს პროექტში ჩართულ 4 სალიზინგო კომპანიას.

დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს განაცხადს. თუ პოტენციური მსესხებელი აკმაყოფილებს პროექტით დადგენილ პირობებს და ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს შეღავათიან აგროკრეტიტს/აგროლიზინგს და ბენეფიციართან აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რის შემდეგაც, სააგენტო ახდენს სესხის/ლიზინგის თანადაფინანსებას.

2020 წელს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი” ბიუჯეტი 74 მლნ ლარია. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში პროექტისთვის დამატებით გამოიყო 7.5 მლნ ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S