
„ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიოს“
12/05/2020 15:24:59 კონფლიქტები
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზადაა, მოსახლეობას დახმარება ადგილზე გაუწიოს.
„ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა. ამას ართულებს ოკუპაციით გამოწვეული შეზღუდვები, ასევე, პრობლემები არის როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზადაა და აღებული აქვს სრული პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყველა სათანადო მომსახურებით, მათ შორის – სამედიცინო მომსახურებით. ამას ჩვენ წლებია ვაკეთებთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე მზად ვართ, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ადგილზე მათთვის დახმარების გაწევის კუთხით. მთავარია, ამ შემთხვევაში, საოკუპაციო ძალამ ამ ნაბიჯებს ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.