Accentnews.ge
რატომ გათავისუფლდა პატიმრობიდან ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული – პროკურატურის განმარტება

რატომ გათავისუფლდა პატიმრობიდან ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული – პროკურატურის განმარტება

12/05/2020 16:13:07 სამართალი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის საქმეზე ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული.

ირკვევა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. კერძოდ, როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლო სხდომა ტექნიკური ხარვეზების გამო სხდომა ორჯერ გადაიდო, ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება და ვინაიდან ბრალდებულს საპატიმრო ვადა 5 აპრილს ეწურებოდა, მოსამართლემ მას პატიმრობა 10000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

დანაშაული კახეთში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის კაცმა მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულ ა.ა.- ს საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული.

ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არც ერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა. აღნიშნულის შემდეგ სასამართლო იკვლევდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, ტექნიკური ხარვეზების გამო სხდომა ორჯერ გადაიდო, რის გამოც ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება, ასევე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა.

რადგან ბრალდებულს საპატიმრო ვადა 5 აპრილს ეწურებოდა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. საქმეზე საქმის განხილვა გრძელდება და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემს და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს" , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S