
„კანონიერი ქურდები“ ზურაბიშვილს უჩივიან: „ყოველგვარი უფლება დარღვეულია“
12/05/2020 18:23:05 სამართალი
„კანონიერი ქურდები“ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ქართულ სასამართლოში უჩივიან. საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც მათი გადაადგილება შეზღუდა. „აქცენტისთვის“ ორი მათგანის ვინაობა გახდა ცნობილი, თუმცა როგორც სააგენტოს ამ პირების ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, მსგავსი პრობლემების შესახებ კიდევ ოთხი პირი დადგა.
აბესაძის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებსაც პროკურატურა „კანონიერ ქურდობას“ ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა, თუმცა მათ ქვეყნის დატოვება აიძულეს.
„როგორც კი ი.ს.–მ და დ.გ.–მ სასამართლოს დარბაზი დატოვეს, გარეთ პოლიცია დახვდა, ჩვენ მათთან მიახლოების უფლებაც არ მოგვცეს. საზღვართან მიიყვანეს და სხვა ქვეყანაში გაუშვეს. ი.ს–ს შემთხვევაში ეს 2020 წელს მოხდა, ხოლო დ.გ.–ს შემთხვევაში – 2017 წელს. ისინი სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაბნეულები“,– უყვება „აქცენტს“ ადვოკატი.
მისი ინფორმაციით, ორივე პირი საზღვარგარეთ ყალბი პასპორტებით გადაადგილდებოდა და დაჯარიმდნენ კიდეც, თუმცა როდესაც ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიტყო, ეს გარემოება საბაბად გამოიყენა, მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება დაეწყო.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობას კარგავს.
თუმცა აბესაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პირებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ამის შესახებ საქართველოს შესაბამისი უწყება ინფორმირებული, თუმცა ისინი მოქალაქეობის გარეშე დატოვა:
„ამ პირებზე სახელმწიფომ პასუხსიმგებლობა მოიხსნა. „ჰაერში“ დატოვეს. წარმოიდგინეთ, რომელიმე მათგანი რომ გარდაიცვალოს, ოჯახი გამოუვალ ვითარებაში ჩავარდება: ცხედარსაც ვერ გადმოასვენებს, მათ კი ოჯახები საქართველოში ჰყავთ. ამიტომ მივმართეთ სასამართლოს. მოსარჩელე მოქალქეობაწართმეული პირები არიან, ხოლო მოპასუხე – სალომე ზურაბიშვილი“
გარდა ამისა, როგორც აბედსაძე ამბობს, ვინაიდან აღნიშნულ პირებს დოკუმენტები გაუუქმდათ, საქარველოში მათ ინტერესების დამცველის და ოფიციალური წარმომადგენლის აყვანის პრობლემაც შეექმნათ, რაც პროცესის სრულფასოვნად წარმართვაში ხელს უშლით.
„ყოველგვარი უფლება დარღვეულია“, – დასძენს ადვოკატი.