
ევროპარლამენტარი – „ქართულ ოცნებას": „დიახ, ველოდებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“
13/05/2020 09:26:32 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი მაიკლ გალერი საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დაიცვან 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.
როგორც როგორც გერმანელი ევროპარლამენტარი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს, ეს იქნება ტესტი იმის გამოსავლენად, რეალურად რა განზრახვები აქვს საქართველოს მმართველ პარტიას.
„ყველა პარტიამ უნდა დაიცვას 8 მარტს მიღებული შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება. ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეალური განზრახვების გამოსავლენად. ისინი აგრძელებენ დასავლელი პარტნიორების შემოწმებას, კვლავ ელიან თუ არა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. დიახ, ელიან. თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩასატარებლად ეს აუცილებელია", - წერს გალერი „ტვიტერში“, პირად გვერდზე.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.