
ევროპარლამენტარი: "მორიგი შეუსრულებელი დაპირება "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს"
13/05/2020 13:08:38 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, „DEG“-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წევრი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მორიგი შეუსრულებელი დაპირება "ქართულ ოცნებას" საბოლოოდ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს".
"რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონა კრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა ქართული ოცნების მცდელობა გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება. კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.
დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.
ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე", – აცხადებს ევროპარლამენტარი.
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შესძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.